20-01-2025 21:19:35 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ მისი მმართველობის პერიოდში შეერთებულ შტატებს "ოქროს ხანა" დაუდგება. ამის შესახებ მან ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ ისაუბრა.
"ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება. ამ დღიდან ჩვენი ქვეყანა კვლავ აყვავდება", – განაცხადა მან.
მისი თქმით, ადმინისტრაცია სწრაფად იმოქმედებს, მისი ხელმოწერისთვის უკვე მზადაა აღმასრულებელი ბრძანებები, რომლებიც ეხება სასაზღვრო პოლიტიკის გამკაცრებას, წიაღისეული საწვავის განვითარების გაღრმავებას და მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის პროგრამების შეზღუდვას ფედერალური ხელისუფლების მასშტაბით.
"მე მოვაწერ ხელს ისტორიულ აღმასრულებელ ბრძანებებს. ამ ქმედებებით ჩვენ დავიწყებთ ამერიკის სრულ აღდგენას და საღი აზრის რევოლუციას. ეს ყველაფერი საღი აზრია. პირველ რიგში, მე გამოვაცხადებ ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას ჩვენს სამხრეთ საზღვარზე. ყველა უკანონო შესვლა დაუყოვნებლივ შეჩერდება და ჩვენ დავიწყებთ მილიონობით კრიმინალური ისტორიის მქონე უცხოეელის დაბრუნების პროცესს იმ ადგილებში, საიდანაც ისინი მოვიდნენ. ჩვენ აღვადგენთ „მექსიკაში დარჩენის“ პოლიტიკას. დავასრულებ "დაჭერისა და გათავისუფლების" პრაქტიკას და გავაგზავნი ჯარს სამხრეთ საზღვარზე ჩვენს ქვეყანაში დამღუპველი შემოჭრის აღსაკვეთად. [...] გამოვაცხადებ კრიმინალურ კარტელებს გლობალურ ტერორისტებად", – განაცხადა მან.
ტრამპმა გააკრიტიკა ბაიდენი, რომელსაც მისი თქმით "არ შეუძლია "სახლში უბრალო კრიზისის მართვაც კი":
"ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელმაც შეუზღუდავი დაფინანსება გასცემს საგარეო საზღვრების დასაცავად, მაგრამ უარს ამბობს ამერიკის საზღვრების დაცვაზე“.
ტრამპის თქმით, ხელისუფლებას "ნდობის კრიზისი" აქვს.
"ჩვენ დავიბრუნებთ სუვერენიტეტს. დავიბრუნებთ უსაფრთხოებას. სამართლის სასწორი ხელახლა დაბალანსდება. [...] ჩემი მანდატია, რომ დავუბრუნო ხალხს რწმენა, სიმდიდრე, დემოკრატია და, მართლაც, თავისუფლება." - აღნიშნა ტრამპმა.
მან ასევე პირობა დადო, რომ "დაამარცხებს რეკორდულ ინფლაციას".
მისივე თქით, მექსიკის ყურეს დაარქმევს ამერიკის ყურეს და პანამის არხთან დაკავშირებით განაცხადა: "ჩვენ მას დავიბრუნებთ".
„ჩვენ ვერ შეგვაშინებენ. ჩვენ ვერ დაგვამარცხებენ. ამ დღიდან ამერიკის შეერთებული შტატები იქნება თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი ერი“, - დასძინა ტრამპმა.
ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობის როტონდაში გაიმართა. მან საპრეზიდენტო ფიცი დადო და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა.
საქართველოდან "ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები ინაუგურაციაზე დასასწრებად არ მიუწვევიათ. ინაუგურაციას ესწრებოდა მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. იგი ღონისძიებაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია. სალომე ზურაბიშვილი 17 იანვარს ჩავიდა ვაშინგტონში.