Accentnews.ge
ზურაბიშვილი უილსონს აშშ-ში უმაღლეს დონეზე გამართული შეხვედრების ორგანიზებისთვის მადლობას უხდის

ზურაბიშვილი უილსონს აშშ-ში უმაღლეს დონეზე გამართული შეხვედრების ორგანიზებისთვის მადლობას უხდის

20/01/2025 17:24:49 პოლიტიკა

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ Х-სა და Instagram-ში აქტიურობას იჩენდა.

Instagram-ში ზურაბიშვილმა ჯერ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც კონგრესმენ ჯონ უილსონის მიწვევით დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მის გამგზავრებას ასახავს.

მოგვიანებით მან პუბლიკაცია მიუძღვნა თბილისში საქართველოსა და აშშ-ის მოქალაქეების მიერ გამართულ მარშს, რომელიც ტრამპის ინაუგურაციას ეძღვნებოდა.

"სანამ მე თავისუფლებისმოყვარე საქართველოს სახელით აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციას ვესწრები, ქართველები ჩვენი ამერიკელი მეგობრების მიმართ სოლიდარობის ნიშნად თბილისში მარშს მართავენ. ბატონო ტრამპო, აშშ-ის რამდენ პარტნიორ ქვეყანაში იხილავთ იგივეს?" - დაწერა ზურაბიშვილმა.

ამასთან, მეხუთე პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს მისთვის აშშ-ში "უმაღლეს დონეზე" შეხვედრების ორგანიზებისთვის.

"მადლობელი ვარ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის, პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე მამაც ქართველ ხალხს წარმოვადგენდე. მადლობელი ვარ კონგრესმენ უილსონის აშშ-ში მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზებაში დახმარებისა და თავისუფლებისთვის საქართველოს ბრძოლის მხარდაჭერისთვის" - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონში სალომე ზურაბიშვილი რესპუბლიკელების წინასაინაუგურაციო მიღებას დაესწრო, რომლის ფარგლებშიც დონალდ ტრამპის მომავალი კაბინეტის წევრებს გაესაუბრა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს მიეცა შესაძლებლობა, შეჰხვედროდა, მათ შორის, სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ მარკო რუბიოს, თავდაცვის მდივნობის კანდიდატ პიტ ჰეგსეთს, ასევე დონალდ ტრამპის უფროს ვაჟს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S