ფინანსთა მინისტრი პარლამენტში არ მივიდა

24-02-2020 12:33:53 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა.

„დღეს ფინანსთა მინისტრის მობრძანება იყო დაგეგმილი, მაგრამ უნდა გაცნობოთ, რომ მობრძანებას არ აპირებს. მასთან დილით მქონდა კომუნიკაცია და წინა დღეებშიც. ის რჩება იმ წერილში გამოთქმული მოსაზრებების ერთგული, რომელიც მოიწერა და თქვა, რომ თანახმაა, მოვიდეს სესიაზე და ახსნას ეს საკითხები, ხოლო კითხვების დარჩენის შემთხვევაში თანახმა იყო მოსულიყო კომიტეტზე. მე მას ვესაუბრე და ვეცადე, დამერწმუნებინა, რეგლამენტის სასარგებლოდ მიეღო გადაწყვეტილება, რადგან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ის რჩება თავის პოზიციაზე“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ.

მოგვიანებით ფინანსთა მინისტრმა პარლამენტის მიმართ უპატივცემულობას უარყო:

"ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრებს შეეძლოთ, კითხვები დაესვათ 20 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, თუმცა მათ დარბაზი დატოვეს და არანაირი შეკითხვა არ დასვეს. ეს ნიშნავს, რომ, პრაქტიკულად, პასუხი არ აინტერესებდათ. რომ რიგი კანონმდებლები პარლამენტის რეგლამენტს სხვა მიზნებით იყენებენ. ფაქტია, რომ ეს ანგარიშვალდებულებისთვის არ არის. ესაა რაღაცის მოსაწყობად, და ცირკები მოაწყონ რამდენიც უნდათ“.

ცნობისთვის: ივანე მაჭავარიანი კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" მიერ იყო დაბარებული. დღის წესრიგის მიხედვით, მაჭავარიანს ძირითადად სამ საკითხზე უნდა ესაუბრა: 1. ტელეკომპანიების „რუსთავი 2“, „იმედი“ და „მაესტრო“ ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და ამ განრიგის შეთანხმების საფუძვლები; 2. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია და პოზიცია; 3. პარლამენტში მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები