20-01-2025 23:06:12 პოლიტიკა
"ქართველ ხალხს უყვარს ამერიკა და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი! ისინი აგრძელებენ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით პროტესტს სავარაუდო დიქტატორ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც მათ თავს ესხმით და ყიდის მათ ქვეყანას ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და ირანის რეჟიმზე. ამერიკამ მათ მხარი უნდა დაუჭიროს" - ასე ეხმაურება აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი სოცქსელ X-ზე მარშს, რომელიც დღეს თბილისში აშშ-ის 47-ე პრეზიდენრად დონალდ ტრამპის საზეიმო ინაუგურაციასთან დაკავშირებით გაიმართა და პუბლიკაციას მარშის ფოტოსაც ურთავს.
დღეს გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში კი რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დასასანქცირებელთა საკუთარი სია გამოაქვეყნა, რომელშიც პირველ ადგილზე "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, საქართველოს არაფორმალური მმართველი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია, ასევე ფიგურირებენ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რომელიც "ომის დამნაშავედ" არის მოხსენიებული, ირანის, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეისა და ვენესუელის ლიდერები ქაშმირის ტერიტორიაზე მოქმედი ისლამისტი ტერორისტების დაჯგუფება ალ-ბადრთან ერთად.