21-01-2025 11:27:32 მსოფლიო
ამ კონფლიქტში აგრესორი რუსეთია, მაგრამ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სენატის მიერ თანამდებობაზე ერთხმად დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში ომის დასასრულებლად ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს. მაგრამ რუბიოს არ უთქვამს კონკრეტულად რა უნდა დათმოს, მაგალითად, უკრაინამ.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამს სურს ხელი შეუწყოს მშვიდობას და კონფლიქტები დაასრულოს, რაც მარტივი არ იქნება.
„გვინდა, რომ ომი დასრულდეს. ეს ნათელია. პრეზიდენტმა ისაუბრა, რომ სურს იყოს პრეზიდენტი, რომელიც მშვიდობას ხელს შეუწყობს და კონფლიქტებს დაასრულებს. ეს, ასევე, რთული იქნება. რთული საკითხებია. ვადების დადგენა არ შემიძლია, მაგრამ ვიტყოდი, რომ როდესაც ორ მხარეს შორის კონფლიქტს ასრულებ, რომელთაგან თავიანთ მაქსიმალურ მიზნებს ვერც ერთი ვერ აღწევს, მაშინ რაღაცის დათმობა ორივე მხარეს მოუწევს“, - განაცხადა მარკო რუბიომ.
რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ ომის დასრულება პრეზიდენტ ტრამპის მთავარი პრიორიტეტია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინამ და რუსეთმა უნდა მიიღონ.