
ვორონეჟის ოლქში, ნავთობის ბაზაზე შეტევამ ახალი ხანძარი გამოიწვია
21/01/2025 09:27:17 მსოფლიო
რუსეთის ვორონეჟის ოლქის ლისკის რაიონში, სადაც კომპანია „როსნეფტის“ ნავთობის ბაზა მდებარეობს რამდენიმე აფეთქება მოხდა.
პირველი ცნობები, რომ აფეთქებები უკრაინული დრონებით შეტევამ გამოიწვია, 20 იანვარს გვიან ღამით სოციალური ქსელების ადგილობრივმა მომხმარებლებმა გაავრცელეს.
მოგვიანებით ვორონეჟის ოლქის გუბერნატორის ალექსანდრ გუსევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ლისკის რაიონში გაანადგურეს რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი და ერთ-ერთის ნამსხვრევებმა ახალი ხანძარი გამოიწვია ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 21 იანვარს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ვორონეჟის ოლქში ჩამოაგდეს 6 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.
ლისკის ნავთობის საცავზე უკრაინული დრონებით შეტევა იყო 16 იანვარსაც. დარტყმის შედეგად ნავთობის ბაზაზე გაჩენილი მასშტაბური ხანძრის ჩაქრობა 20 იანვარსაც გრძელდებოდა.
ვორონეჟის ოლქი რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, სადაც უკრაინის თავდაცვის ძალები ხშირად უტევენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის ბაზებსა და სამხედრო ობიექტებს.