Accentnews.ge
კიდევ ერთი საჯარო მოხელე საუბრობს სამსახურიდან პროტესტის გამო გათავისუფლებაზე

კიდევ ერთი საჯარო მოხელე საუბრობს სამსახურიდან პროტესტის გამო გათავისუფლებაზე

21/01/2025 10:46:45 პოლიტიკა, საზოგადოება

საჯარო მოხელე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უკვე ყოფილი თანამშრომელი მიხეილ ვალაშვილი სამსახურიდან გათავისუფლებას პროტესტს უკავშირებს.

"10 იანვარს, უქმე დღეს, არასამუშაო საათებში, საღამოს 19:34-ზე, განხორციელებული ზარით მეცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჩემთან თანამშრომლობა აღარ სურს და ხელშეკრულება მიწყდება. მიზეზად კი ხელშეკრულების ვადის ამოწურვა დამისახელეს (თავიანთი გაპარული/დაშვებული შეცდომის ლოგიკით), თორემ ხელშეკრულება რეალურად უვადოდ მოქმედებდა.

რა თქმა უნდა, მიზეზი ჩემთვის ცხადია და ვფიქრობ, რომ სამსახურიდან გათავისუფლება ჩემს პროტესტს უკავშირდება, ხელისუფლების მიერ კონსტიტუციისა და მისი დებულებების უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით. მაგრამ, თავიანთი შეცდომითვე, 31 დეკემბრამდე გაფორმებული ხელშეკრულების ფონზეც კი, გადაწყვეტილება 10 დღის დაგვიანებით, მხოლოდ სატელეფონო ზარით მაცნობეს.

რა თქმა უნდა, 13 იანვარს გამოვცხადდი სამსახურში ჩვეულად, რადგან გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ მიმიღია, მიზეზით - “ასეთ დროს ბრძანება უბრალოდ არ გამოდის”, თუმცა ვერ განვახორციელე ჩემი სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობები, ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა არ მომეცა და იძულებული გავხდი, სივრცე დამეტოვებინა". - წერს ვალაშვილი.

ვალაშვილი სამართლებრივი ზომების მიღებას აპირებს:

"საჯარო მოსამსახურეს, რომელსაც რამდენიმე თვით ადრე პოზიციურად აწინაურებენ, არ არსებობს არც ერთი საჩივარი, გაფრთხილება, არც ერთი შენიშვნა მის მიმართ და სამსახურიდან უშვებენ მიზეზით - „უბრალოდ არ სურს უწყებას თქვენთან თანამშრომლობის გაგრძელება“, არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება და უკვე ყველაფერი ნათელია. საჯარო სამსახურში ჩემი თითოეული დღე იმ მოტივაციით ვიმუშავე, რომ ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში, სახელმწიფო სტრუქტურისა და საზოგადოებისთვის სამართლიანი, თანასწორი, ევროპული და ხელმისაწვდომი სტანდარტი შემექმნა. სწორედ ამ ღირებულებებმა ჩამომაყალიბა კარგ იურისტად. ამ ღირებულებების ერთგულია ყველა პროფესიონალი საჯარო მოხელე თუ მოსამსახურე, ვინც ამ „წმენდაში“ მოჰყვა და მოჰყვება ახლო პერიოდში.

უწყება, რომელიც ყველაზე მეტად უნდა იცავდეს არა პოლიტიკურ, არამედ პარტიულ ნეიტრალიტეტს, სამწუხაროა, რომ ამ გამოწვევას ვერ გაუმკლავდა და პარტიული ნეიტრალიტეტის მქონე თანამშრომელი, რომელიც თავის სამართლიან პროტესტს გამოხატავს, სამსახურიდან გაუშვა. უწყება, რომლის პროფილიც ცალსახად სამართლებრივია, სამწუხაროა, რომ დასაქმებულთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, არღვევს ყველფერს, რისი დარღვევაც შეიძლება და ამ ყველაფერზე, ახლა და ამ სივრცეში თავს არ შეგაწყენთ. შესაბამის სამართლებრივ ზომებს აუცილებლად მივმართავ და თანდათანობით ყველაფერს გაიგებთ".

აქვე ის ყოფილ თანამშრომლებსა და საზოგადოებას მოუწოდებს, რომ მათი ღირებულებებისთვის ხმამაღლა იბრძოლონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S