
რუსეთში, ბირთვული რაკეტების ბაზაზე განგაში გამოცხადდა
21/01/2025 11:32:55 მსოფლიო
რუსეთში, ორენბურგის ოლქის ქალაქ კომაროვსკში მდებარე ბირთვული რაკეტების ბაზის სიახლოვეს დრონების გამოჩენის გამო განგაში გამოცხადდა, მოსახლეობას სარდაფებში ჩასვლის ან თავშესაფრებში ევაკუირებისკენ მოუწოდეს, - იუწყება რუსული მედია.
მოგვიანებით ოლქის გუბერნატორმა დენის პასლერმა განაცხადა, რომ რეგიონის თავზე უპილოტო საფრენი აპარატები "ვერ აღმოაჩინეს, თუმცა შემოღებულ იქნა შესაძლო თავდასხმაზე რეაგირების პრევენტიული რეჟიმი და ამ დროისთვის ყველა შესაბამისი უწყება საშტატო რეჟიმში მუშაობს".
ცნობისთვის: კომაროვსკი 68545-ე სამხედრო ნაწილის დისლოცირების ადგილია, სადაც, მათ შორის ორენბურგის მე-13 სარაკეტო დივიზიაა განთავსებული. ეს უკანასკნელი რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების ჯარების 31-ე სარაკეტო არმიის შემადგენლობაში შედის და როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე მოცემულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამჟამად გაერთიანების პირადი შემადგენლობა საბრძოლო მორიგეობას სარაკეტო კომპლექს "ვოევოდაზე" ახორციელებს, სადაც საშახტე ბაზირების РС-20В კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები ინახება.
ბოლოს ორენბურგის ოლქის თავზე უპილოტო საფრენი აპარატები 2024 წლის მაისში ჩამოაგდეს.