21-01-2025 16:22:03 პოლიტიკა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, გეგმავს აშშ-ში შეხვედრების ჩატარებას, რომლებიც საქართველო-აშშ-ს ურთიერთობების "სწორ საფეხურზე დასაყენებლადაა საჭირო".
მან ხაზი გაუსვა, რომ ინაუგურაციაზე საქართველოს საზოგადოებას წარმოადგენდა.
„მოხარული ვარ, რომ შევძელი და ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას დავესწარი. უფრო სწორად, მე კი არ დავესწარი, არამედ ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, საქართველოს, საქართველოს საზოგადოებას და მთლიანად მოსახლეობას წარმოვადგენდი.
ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, როგორც ამერიკის დიდი ხნის პარტნიორი, სტრატეგიული პარტნიორი. ოცდაათი წელია, რაც ამერიკა საქართველოს ეხმარება თავის სახელმწიფოს მშენებლობაში. ჩვენ ნამდვილად ორი მეგობარი ვართ და ასეთი გამოხატულება, რომ ამ ღონისძიებას მე დავესწარი, საჭირო იყო.
პირველი დღეები საზეიმო იყო. გუშინაც საინაუგურაციო ერთ-ერთი მეჯლისი იყო, ხვალიდან უფრო საქმიანი შეხვედრები დაიწყება. ინაუგურაციის შემდეგ ყველას აქვს საშუალება, გამართოს შეხვედრები და მეც ვაპირებ, ჩავატარო შეხვედრები, რომლებიც ჩვენი ურთიერთობების სწორ საფეხურზე დასაყენებლადაა საჭირო – იმ საფეხურზე, რაც საქართველოს და ამერიკას შეეფერება“,- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.