21-01-2025 16:37:29 საზოგადოება
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი ნატო ხუჯაძემ პატიმრობაში დატოვა.
ლომიძესა და ზასოხაშვილს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლას ედავებიან.
შეგახსენებთ, რომ დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის 1 დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თითქმის ორი თვეა, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს. აქციებისას სისხლის სამართლის წესით დააკავეს 50-მდე ადამიანი.
ბოლო ორი თვის განმავლობაში პოლიციამ იძალადა აქციის არაერთ მონაწილეზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომლებიც პროცესებს აშუქებდნენ. ამ დრომდე არც ერთი მათგანი პასუხისგებაში მიცემული არ არის.