21-01-2025 16:49:31 პოლიტიკა ,საზოგადოება
21 იანვარს სტუდენტების პროტესტის და ხმაურის ფონზე აირჩიეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ-ის) რექტორად "ქართული ოცნების“ წევრი ტიტე აროშიძე.
აროშიძემ აკადემიური საბჭოს 10 წევრის ხმა მიიღო. საბჭოს წევრებს შორის იყო მისი ძმა, პაატა აროშიძეც.
„სირცხვილია“, „ცეცხლი ოლიგარქიას“, - სკანდირებდნენ არჩევნების პარალელურად მიმდინარე აქციაზე დემონსტრანტები.
აროშიძის კონკურენტი იყო არჩილ გუჩმანიძე. ის ამბობდა, რომ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილების მიღებას მოჰყვა მისდამი ზეწოლა და მუქარა.
აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ "ქართული ოცნება" უნივერსიტეტში პარტიული პოლიტიკის დანერგვას შეეცდება.
„თუ აქამდე ბსუ-ში „ქართული ოცნება“ თავის საქმეებს აკეთებდა შუამავლებით, ახლა პირდაპირ ტიტე აროშიძე დაგვისვეს, რომელიც მთელი ამ [საპროტესტო დემონსტრაციების] განმავლობაში ჩვენი, მათ შორის ბსუ-ს სტუდენტების მარგინალიზებას ცდილობდა“, - თქვა აქციის მონაწილე სტუდენტმა მათე ცენტერაძემ.