პარლამენტთან და უზენაეს სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის აქციები გაიმართა

21-01-2025 19:27:12 პოლიტიკა ,საზოგადოება

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან უზენაეს სასამართლოსთან გადაინაცვლეს.

როგორც განიმარტა, სწორედ სასამართლოს ეკუთვნის ცენტრალური როლი პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა, მათ შორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებში. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო ამაღლობელის ადვოკატების საჩივარი, რომლითაც ისინი ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ასაჩივრებდნენ.

“სასამართლო არის კლანების მიერ მართული და ყველა გზა მანდ მიდის, ამიტომ ჩვენ მივდივართ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ - არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა! ისინი არიან ქვეყანაში სამართლის გარანტები, ისინი არიან სასამართლო ხელისუფლება , ამავე დროს არიან ბიძინა ივანიშვილის მონები”,- თქვა ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა.

თავდაპირველად მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კვლავ დააკავეს, ამჯერად - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

"საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციაცია" მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს, რომელზეც "თავდასხმასაც" ედავება "ოცნება" მზია ამაღლობელს. საუბარია, კერძოდ, დგებუაძისთვის სილის გაწნვაზე, რისი ამსახველი კადრებიც აქტიურად ვრცელდებოდა სახელისუფლებო მედიის მიერ. თუმცა როგორც თავად ამაღლობელი, ისე ფაქტის თვითმხილველები დგებუაძისა და მისი თანმხლები პირების მხრიდან გამიზნულ პროვოცირებაზე მიუთითებენ და სახელისუფლებო მედიას ფაბრიკაციაში, კერძოდ, კადრების მონტაჟში ადანაშაულებენ.

გარდა ამისა, ამაღლობელი დაკავების შემდეგ მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ, რომელმაც მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, მოგვიანებით განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია პოლიციის განყოფილების ეზოსა და შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.

"დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას,ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება" - განმარტა ქურდოვანიძემ.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე საია-მ მოუწოდა სპეციალურ საგამოძებო სამსახურს, დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი და მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს.

მაშინ, როცა პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელი პატიმრობაშია და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, პროევროპულ აქციებზე ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ძალადობისთვის არცერთი პოლიციელი არ მიუციათ პასუხისგებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები