Accentnews.ge
სირიულმა პორტმა ტარტუსმა რუსულ კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტა

სირიულმა პორტმა ტარტუსმა რუსულ კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტა

21/01/2025 15:42:26 მსოფლიო

სირიის ახალმა ხელისუფლებამ გააუქმა საინვესტიციო შეთანხმება რუსულ კომპანია "სტროიტრანსგაზსა" და სირიის ხმელთაშუა საზღვაო პორტ ტარტუსს შორის, - აცნობა სირიულ გაზეთ "ალ-ვატანს" ტარტუს საბაჟოს დირექტორმა რიად ჯუდიმ.

"პორტის საქმიანობიდან მიღებული ყველა შემოსავალი ახლა მიმართულია სირიის სახელმწიფოს სასარგებლოდ. პორტში დასაქმებული მუშები სირიის მხარის კონტროლს დაუბრუნდებიან", - ციტირებს გაზეთი ჯუდის. მისი სიტყვებიდან გამომდინარეობს ისიც, რომ საინვესტიციო ხელშეკრულების მიუხედავად, რუსულმა მხარემ პორტის მექანიზმების მოდერნიზება არ მოახდინა.

2019 წლის აპრილში რუსეთის იმჟამინდელმა ვიცე-პრემიერმა იური ბორისოვმა ტარტუსის პორტის 49-წლიანი იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ განაცხადა. ამავე დროს "სტროიტრანსგაზთან" 49 წლით გაფორმდა საინვესტიციო ხელშეკრულება, რომლის პირობების თანახმად, კომპანიას პორტის მოდერნიზებაში 500 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

კომპანია "სტროიტრანსგაზს" გავრცელებულ ცნობაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

თავის მხრივ, "ალ-ვატანი" აღნიშნავს, რომ სირიაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პორტის მუშაობა შესამჩნევად გააქტიურდა და იქ სხვა ქვეყნებიდან მშრალი სატვირთო გემებიც შედიან.

ცნობისთვის: რუსეთს სირიაში ორი სამხედრო ბაზა აქვს - ავიაბაზა ხმეიმიმი ლატაკიის პორტთან და სამხედრო-საზღვაო ბაზა ტარტუსში, ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე. იქ რუსეთის სამხედროების 49 წლის ვადით ყოფნის შესახებ ხელშეკრულებას მოსკოვსა და დამასკოს შორის 2017 წელს მოეწერა ხელი. ტარტუსში მდებარე ბაზას მოსკოვისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან იგი რუსეთს ხმელთაშუა ზღვაზე ერთადერთ გასასვლელს აძლევს. ამასთანავე, იგი წარმოადგენს საზღვაო სწავლებებისა და სამხედრო გემების განთავსების ადგილს. სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ გაჩნდა ცნობა, რომ რუსეთმა ლატაკიიდან ტარტუსის მიმართულებით ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის გაყვანა დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S