
ზურაბიშვილი: მომავალი მინისტრებისთვის ძირითადი გზავნილის გადაცემა შევძელი, რომ რეალურად გარდამტეხ წერტილში ვართ
21/01/2025 18:12:34 პოლიტიკა
ღონისძიებაზე ის აშშ-ში ვიზიტის მიზნებს შეეხო და თქვა, რომ მომავალი მინისტრებისთვის ძირითადი გზავნილის გადაცემა შეძლო, რომ "საქართველოში რეალურად გარდამტეხ წერტილში ვართ - ან უკან რუსეთში შეგვათრევენ ან გზას გავაგრძელებთ, რომელიც დამოუკიდებლობიდან იყო საქართველოს გზა".
„ინაუგურაციამდე შესაძლებლობა მქონდა დავსწრებოდი რამდენიმე წინასაინაუგურაციო მიღებას, რომლებიც ამ ქალაქში მიმდინარეობდა. ამ ღონისძიებებზე კაბინეტის რამდენიმე მინისტრთან წარმადგინეს, რომლებიც ჯერ დამტკიცებული არ არიან სენატის მიერ, მაგრამ ეს პირველი კონტაქტები იყო. ასე რომ, როგორც ეს ძირითადად ხდება მსგავს პირველ კონტაქტებზე, მე წარმადგინეს და მათთვის ჩემი ძირითადი გზავნილის გადაცემა შევძელი, კერძოდ, საქართველო როგორც არასდროს საჭიროებს თავისი ამერიკელი მეგობრების ყურადღებას, ვინაიდან ვითარება იქ გადამწყვეტია, რეალურად გარდამტეხ წერტილში ვართ - ან უკან რუსეთში შეგვათრევენ ან გზას გავაგრძელებთ, რომელიც დამოუკიდებლობიდან იყო საქართველოს გზა. გზის, რომელშიც ამერიკული როლი არსებითი მნიშვნელობისა იყო, ჩვენი ინსტიტუტების, ჩვენი ჯარის შექმნის, კონსოლიდაციის მხრივ, და ზოგადად ქვეყნის დამოუკიდებლობის მხრივ".
მან ხაზი გაუსვა, რომ ეს ქართველი ხალხის სურვილია და აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ეს უნდა იცოდეს:
"საქართველოში ეს მხოლოდ პოლიტიკური საკითხი არ არის, და, მთელი მნიშვნელობის მიუხედავად, მხოლოდ ადამიანის უფლებებისა და რეპრესიების საკითხი არ არის, ეს რეალურად ეგზისტენციალური საკითხია - შეძლებს თუ არა საქართველოს თავისი გზის გაგრძელებას, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, როგორც ქვეყანა, რომელსაც თავისი სუვერენიტეტის აღიარება და ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერა სურს“.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო დღეებში ის შეხვედრას შეძლებს აშშ-ის თანამდებობის პირებთან და აღნიშნა, რომ მას შეხვედრა ექნება სენატორებთან ჯინ შაჰინთან („დემოკრატიული პარტია“) და ჯიმ რიშთან („რესპუბლიკური პარტია“).
რაც შეეხება მოლოდინებს, ზურაბიშვილმა გაიხსენა, რომ საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის პოლიტიკა ყოველთვის ორპარტიული იყო და სასანქციო ნაბიჯებს, რომლებიც ბოლო დროს ვნახეთ, "უკვე აქვს თავისი ეფექტი":
"შეგვიძლია საქართველოში გარკვეული წრეების რეაქციით ამის დანახვა, ნარატივის მიუხედავად, თითქოს არაფერი ხდება და მნიშვნელობა არ აქვს, შეგვიძლია დავინახოთ, რომ მნიშვნელობა აქვს. „MEGOBARI აქტი”, რომელიც ხელახლა იქნა წარდგენილი კონგრესმენ უილსონის მიერ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ორივე მიმართულებას აჩვენებს. ის აჩვენებს, რომ თუ იზოლირებულად ყოფნა გვსურს - ეს არის იზოლაციის რისკები, ხოლო თუ ჩვენს რეგიონალურ, ევრო-ატლანტიკურ გზას დავუბრუნდებით, მაშინ არსებობს ზომები, რომელთა მიღებაც შეიძლება და რომლებსაც ძალიან სწრაფად შეუძლია დაგვაბრუნოს აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობასთან, ეკონომიკურ კავშირებთან და მათ განვითარებასთან და ჩვენი ურთიერთობების პოლიტიკურ გაღრმავებასთან. ვფიქრობ, ეს ორმხრივი პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ეს “MEGOBARI აქტშია” ჩაწერილი".
მან ხაზი გაუშვა არაღიარების მნიშვნე;ლობასაც: "არა მგონია, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია იმ ქვეყნის მეგობრად და პარტნიორად მიღება, რომელსაც აღარ გააჩნია არც ერთი ინსტიტუტი, რომელთაც აშშ წლების განმავლობაში უჭერდა მხარს - არანაირი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, კონსტიტუციის არანაირი პატივისცემა, გაყალბებული არჩევნები. ვერცერთ ამერიკულ მთავრობას ვერ ვხედავ, რომელიც შეძლებს მსგავსი ქვეყნის მეგობრად და პარტნიორებად მიღებას, რომელიც ემეგობრება ხანდახან ჩინელებს, ხანდახან ირანს, ხანდახან ზოგიერთ ტერორისტულ ჯგუფს, და არავითარი პრინციპები არ გააჩნია”.