21-01-2025 23:57:16 პოლიტიკა
ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა ევროპარლამენტში, მათ შორის საქართველოს თემაზე გამართული დებატებისას პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებე, აქტივისტებზე განხორციელებულ ძალადობაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ საქართველოში აღარავინ არის დაცული.
"გასულ კვირას, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სასტიკად გაუსწორდნენ სამთავრობო კრიმინალები, მათ შორის ერთ-ერთი იყო "ქართული ოცნების" წარმომადგენელი და ე.წ პარლამენტის წევრი. გახარია დატოვეს დასისხლიანებული, გატეხილი ძვლებით, მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. გასული კვირებისა და თვეების განმავლობაში, დააკავეს, აწამეს და დააპატიმრეს 400-ზე მეტი ქართველი - პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და უბრალო მოქალაქეები",- თქვა ევროპარლამენტარმა.
მან მსმენელებს შეახსენა, რომ ქვეყანაში პროევროპული აქციები 55-ე დღეა მიმდინარეობს. მან გაიხსენა საქართველოში ვიზიტი და გააცნო საკუთარი შთაბეჭდილება მსმენელებს: "მე ვნახე ამ ადამიანების სიმამაცე. ყველა ასაკისა და პროფესიის, ახალგაზრდები და მოხუცები, მდიდრები და ღარიბები, კონსერვატორი და ლიბერალები დგანან ერთად, იბრძვიან ევროკავშირში მომავლისთვის, უფლებისთვის, წარმოადგინონ საკუთარი ქვეყანა ამ დარბაზში, ევროპარლამენტში".
ის თვლის, რომ ძალადობის ესკალაცია "ქართული ოცნების" პანოიკაზე მიანიშნებს:
"საქართველოში აღარავინ არის დაცული ქართული ოცნების რეპრესიებისგან: არც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, არც პრეზიდენტი, რომელიც ერთი თვის წინ აქ წარსდგა სიტყვით. ქართველი ხალხი არ დაშინდა და არც ჩვენ უნდა დავშინდეთ. იმიტომ, რომ ძალადობის ეს ესკალაცია არის იმის გამოხატულება, რომ "ქართული ოცნება" პანიკაშია, ვინაიდან მათ ვერ შეაფასეს ქართველი ხალხის ნება და ევროპული იდეის ძალა. მათ ეგონათ, რომ გააყალბებდნენ არჩევნებს და იმოქმედებდნენ რუსული გეგმით, მაგრამ ნელ-ნელა იაზრებენ, რომ ეს იყო ეშმაკთან დადებული გარიგება".
მან ხაზი გაუსვა, რომ პუტინი არ ეძებს პარტნიორებს და მოკავშირეებს, ის ეძებს ვასალებს და კოლონიებს, "ჩვენ ვიხილეთ სირია, რომელშიც ხელისუფლება, პუტინზე დაყრდნობით, საკუთარ ხალხს უწყობდა რეპრესიებს".
მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ჯერ კიდევ აქვს დრო, იმისთვის, რომ "დაასრულოს ქართული კოშმარი": "ევროპისა და თავისუფლების კარიბჭე ღია რჩება, მაგრამ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ შეწყვიტოს საკუთარ ხალხზე ძალადობა.