
კალაძე: როდესაც თბილისელს შეუსრულდება 100 წელი, მერია ჯილდოდ 10 000 ლარს გადასცემს
22/01/2025 08:31:17 პოლიტიკა, საზოგადოება
თბილისის მერ კახა კალაძის თქმით, თბილისში მცხოვრებს, რომელსაც შეუსრულდება 100 წელი, მერია 10 000 ლარს გადასცემს.
"როდესაც ადამიანს უსრულდებოდა 100 წელი, დედაქალაქის მერია გადასცემდა ჯილდოს 1 000 ლარის სახით. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯილდო 10 000 ლარი იქნება. მაგალითად, გასულ წელს 57 ადამიანს ჩაერიცხა თანხა, აქედან 23-ს შეუსრულდა 100 წელი, 34-ს - 101 და მეტი" - თქვა კალაძემ.
კალაძის განმარტებით, მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა თანხის მისაღებად თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს 100 წელს მიღწეული მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ბოლო 1 წლის განმავლობაში თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ სამოქალაქო რეესტრის გაცემული საინფორმაციო ბარათი.
"იმ ხანდაზმულებს, რომლებმაც 2025 წლამდე უკვე ისარგებლეს აღნიშნული პროგრამით, განცხადების დაწერა აღარ მოუწევთ და ბენეფიტი პირდაპირ ჩაერიცხებათ " - თქვა კალაძემ.