
მედვედევი: "მთავარი კომენტარი ტრამპის სახალისო ინაუგურაციაზე იყო რუსეთ-ჩინეთის დიალოგი... სამყაროს "ამერიკის ოქროს ხანა" არ სჭირდება"
22/01/2025 10:29:42 მსოფლიო
მოსკოვი დონალდ ტრამპის 20 იანვრის ინაუგურაციას "საკმაოდ სახალისოდ" აფასებს, ხოლო მის მთავარ მესიჯებს პასუხობს მოსაზრებით, რომ "სამყაროს სჭირდება განვითარება და არა "ამერიკის ოქროს ხანა". ეს პოზიცია რუსეთის ხელისუფლების სახელით ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერმა, ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა დააფიქსირა.
"ნათელია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის საკმაოდ სახალისო ინაუგურაციასთან დაკავშირებული მთავარი კომენტარი - ეს იყო რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს შორის უშუალოდ ინაუგურაციის შემდეგ გამართული დიალოგი, რომელიც მრავალპოლუსიანი თანამედროვე სამყაროსა და ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობის საუკეთესო მტკიცებულებაა. ამით ყველასთვის ნათელი გახდა, რომ თანამედროვე სამყაროს არ სჭირდება "ამერიკის ოქროს ხანა", რაზეც გუშინ თეატრალური მანერით ისაუბრა დონალდ ტრამპმა - სამყაროს სჭირდება კაცობრიობის განვითარება და აყვავება" - დაწერა Telegram-ში მედვედევმა.