
მოსამართლე ხუსკივაძე პროევროპულ აქციებზე დაკავებულების ადვოკატებს უჩივის
22/01/2025 12:19:41 საზოგადოება
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში უჩივლა საპროტესტო აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული დემონსტრანტების ადვოკატებს, რომლებმაც 11 იანვარს სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს, ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა, მოგვიანებით იგივე დაადასტურა "აქცენტთან" ადვოკატმა კახა კოჟორიძემ. კოჟორიძე იმ ადვოკატებს შორისაა, რომლებსაც უჩივის მოსამართლე.
როგორც კოჟორიძემ "აქცენტს" უთხრა, მოსამართლე ხუსკივაძემ სასამართლო დარბაზის პროტესტის ნიშნად დატოვება ეთიკის სტანდარტების დარღვევად შეაფასა, თითქოს მათ დაცვის უფლების გარეშე დატოვეს ბრალდებულები, რასაც უსაფუძვლოდ მიიჩნევს ადვოკატი რამდენიმე გარემოების გამო:
- პროტესტის ნიშნად სხდომის დატოვება ბრალდებულების და ადვოკატების შეთანხმებული პოზიცია იყო;
- ადვოკატებს უარი არ უთქვამთ დაცვის უფლების განხორცელებაზე - ითხოვდნენ დარბაზის შეცვლას, ნორმალურ სამუშაო პირობებს და ეს ერთიბლივი წერილობითი განცხადებითაც დაადასტურეს.
პროტესტს წინ უძღოდა ადვოკატების მხრიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში უშედეგო მოთხოვნა დარბაზის შეცვლის თაობაზე, რადგან, მათ შორის, დამსწრეებიც ჩიოდნენ ვიწრო სივრცის გამო უჰაერობაზე. ერთ-ერთი ბრალდებული შეუძლოდასც გახდა და სასწრაფო დახმარების ჯგუფიც გამოიძახეს.
"არსებობს სამედიცინო დასკვნაც, რომ ბრალდებული შეუძლოდ გახდა სავარაუდოდ უჰაერობის გამო. ის, რომ პირობებიც არ გვექმნება სამუშაოდ (აღარაა საუბარი შინაარსობრივ მხარეზე), ეს სერიოზული არგუმენტია სტრასბურგში, როდესაც საქმე წავა",- უთხრა "აქცენტს" კოჟორიძემ. ის თვლის, რომ ამ გარემოებების ნიველირება სურს მოსამართლეს და ერთგვარად შეზღუდვა ადვოკატების, რომ მათ აღარ მიმართონ პროტესტის ამგვარ ფორმებს მსგავს სიტუაციებში.
"როდესაც სამართლიანობას სასამართლოს დარბაზში ვერ აღწევ, მიმართავ პროტესტის ამგვარ ფორმებს",- ამბობს კოჟორიძე.
მისთვის გაუგებარია, რატომ ჩათვალა მოსამართლემ, რომ ადვოკატების შეზღუდვის მცდელობა იმუშავებს ან რატომ მიიჩნია ეთიკის კომისია უსამართლოდ.
ჯერ უცნობია, როდის განიხილავს ეთიკის კომისია საკითხს.
14 ადვოკატს შორის, ვისაც მოსამართლე ხუსკივაძემ უჩივლა, არიან:
- ნინო ლომინაძე - თორნიკე გოშაძის ადვოკატი
- შოთა თუთბერიძე - ირაკლი მიმინოშვილის და გიორგი გორგაძის ადვოკატი
- დავით ჭიკაიძე - ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი
- კახა კოჟორიძე და არჩილ ჭავჭანიძე - ვეფხია კასრაძის ადვოკატები
- რევაზ აჭარაძე - ვასილ კაძელაშვილის ადვოკატი
- ორხან ალიევი - ინსაფ ალიევის ადვოკატი
- გუჯა ავსაჯანიშვილი - ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი.