
მამუკა მდინარაძე აბუ-დაბიში დაკავებული ზარქუასა და სანიკიძისთვის ჯარიმების დაკისრებას ადასტურებს, ოდენობას კი "ვერ იხსენებს"
22/01/2025 14:48:38 პოლიტიკა, სამართალი
"ქართული ოცნების" წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე- აბუ-დაბიში დაკავებული "ოცნებელი" დეპუტატების - ზარქუასა და სანიკიძისთვის ჯარიმების დაკისრებას ადასტურებს, ოდენობას კი "ვერ იხსენებს".
"ჯარიმები იყო, თუ არ ვცდები, ყველას, - ორივე მხარეს, რაღაც ჯარიმები დაეკისრა... აღარ მახსოვს, რამდენი იყო" - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს მდინარაძემ.
ცნობისთვის: "მთავარმა არხმა" დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ოცნების" სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის წევრებს აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის გამო მაქსიმალური ოდენობის ჯარიმა - 80 000 დოლარი დაეკისრათ. ტელეარხის წყაროს ცნობით, მათი დაკავების შემდეგ სადავო ლეგიტიმაციის მქონე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თანაგუნდელების დასახსნელად აბუ-დაბიში რამდენიმე სატელეფონო ზარიც განახორციელა, თუმცა ზარქუა და სანიკიძე მაინც იზოლატორში დატოვეს.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს სადილობის დროს ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.
მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ შემთხვევა წინა დღეს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რომლის დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსის მონები“ უწოდა.