გიორგი გახარია: "ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება, დამკვეთი - ბიძინა ივანიშვილი!"

22-01-2025 20:15:32 პოლიტიკა ,სამართალი

ოპოზიციონერი ლიდერი გიორგი გახარია რამდენიმე დღის წინ ბათუმის "შერატონში" მასზე განხორციელებულ თავდასხმას კიდევ ერთხელ ეხმაურება და წერს, რომ ეს იყო "წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება", თავდასხმის დამკვეთად კი საქართველოს ფაქტობრივ მმართველ ბიძინა ივანიშვილს ასახელებს.

"მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. დღეიდან მუშაობის ჩვეულ რიტმს ვუბრუნდები.რაც შეეხება თავდასხმას, ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება.თავდასხმის დამკვეთი - ბიძინა ივანიშვილი.ივანიშვილი დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს, სხვადასხვა ფორმით და გზებით, მათ შორის, საჯაროდაც.მე არ მაინტერესებს ამ თავდასხმის შემსრულებლები. მე საქმე მაქვს ჩემზე თავდასხმის და მოქალაქეებზე ძალადობის დამკვეთთან.რაც შეეხება გამოძიებას, მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, შეინარჩუნონ სახე და არ გახდნენ ძალადობრივი დანაშაულებების თანამონაწილე" - წერს გახარია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ყოფილი შს მინისტრი და პრემიერი, პარტიის "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია დღეს პროკურატურაში იმყოფებოდა.

პარტიამ 21 იანვარს განაცხადა, რომ გახარიაზე თავდასხმის ვიდეოჩანაწერები პროკურატურამ სასტუმრო "შერატონიდან" სერვერებიანად წაიღო, რისი სავარაუდო მიზანიც მტკიცებულებების განადგურებაა.

14 იანვრის ღამეს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში” გიორგი გახარიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მანამდე იმავე სასტუმროში თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს. მომხდარზე ინფორმაცია თავდაპირველად ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, რასაც ქორიძეც ადასტურებს, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე მონაწილეობდნენ.

გიორგი გახარია ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით კლინიკაში გადაიყვანეს.

ცნობილი გახდა, რომ შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

Новости

Другие новости