22-01-2025 20:54:01 საზოგადოება
ევროპის საბჭოს (ევროსაბჭოს) „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“ განგაშის სიგნალი აამოქმედა მედიამენეჯერ მზია ამაღლობელის დაპატიმრების გამო.
პლატფორმა გადაწყვეტილების მიმღებთ მოუწოდებს, გაათავისუფლონ ჟურნალისტი და მოუხსნან წაყენებული ბრალდება. მზია ამაღლობელი, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, საპატიმროში შიმშილობს.
პლატფორმაზე ამ დროისთვის მითითებული ინფორმაციით, 2025 წელს პლატფორმაზე გამოცემულია „ოთხი საგანგაშო სიგნალი“ ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ.
ამ ოთხი შემთხვევიდან ერთი ეხება უკრაინას, „კონფიდენციალური ინფორმაციის“ საჯარო ბაზებიდან გასაჯაროვების აკრძალვასთან დაკავშირებით, ხოლო სამი - საქართველოს. მათ შორისაა მზია ამაღლობელის, ასევე, „ბათუმელების“ ოპერატორის 8-დღიანი დაკავებისა და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე ბათუმში თავდასხმის შემთხვევები.
„ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა“ არის საერთო პროექტი, რომელსაც ამუშავებს ევროსაბჭო და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ქსელი, - რომელსაც აკომპლექტებენ „ჟურნალისტთა ევროპული ფედერაცია“ (efj), „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია“ (IFJ), „კომიტეტი ჟურნალისტების დასაცავად“ (CPJ), „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) და სხვები.
პლატფორმაზე მითითებულია განახლებული ცნობები მზია ამაღლობელის შესახებ - მათ შორის, მის მიერ შიმშილობის გამოცხადების, მისდამი არასათანადო მოპყრობის, დაკავებისას მისი უფლებების დარღვევისა და დაკავების კანონიერების შესახებ.