22-01-2025 22:59:46 საზოგადოება
ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონის" დამფუძნებელი, პროევროპული აქციების მონაწილე, ამჟამად პატიმრობაში მყოფი 19 წლის ზვიად ცეცხლაძე სახელისუფლებო პროპაგანდას ციხიდან პასუხობს.
“ვერ გაგვტეხეს და ამიტომ დაიწყეს დემაგოგიური კამპანია ჩვენი იმიჯის შესალახად. ვიხილეთ მდინარაძის გამოსვლა ანდროს წინააღმდეგ. სამწუხაროდ ანდროს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ კარგად ვიცნობ პროპაგანდას, რომელსაც მდინარაძე მიმართავს:“თუ ასე გძულს რუსები, მაშინ მათ ფილმებში რატომ იღებ მონაწილეობას?”აქ მდინარაძე ცდილობს ანდროს ფარისევლად და უპრინციპოდ წარმოჩენას. ამავდროულად, განზრახ მალავს იმ ეთნიკურად რუსი რეჟისორის პოლიტიკურ ფასეულობებს, რომელიც მისსაზე ბევრად ანტიპუტინისტური და პროქართულია. მიზანმიმართულად აიგივებს ეთნიკურად რუსისა და რაშიზმის ცნებებს.რაშიზმი ეწოდება იდეოლოგიას, რომლის მთავარი მიზანია ემსახუროს იმპერიალისტურ რუსეთს (როგორც მესამე რომს). რაშისტი არის ადამიანი, რომელიც მიუხედავად თავისი ეროვნული წარმომავლობისა, ემსახურება რუსულ იმპერიალიზმს და ცდილობს მის დამკვიდრებას მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი საკუთარ სამშობლოში. ჩვენც სწორედ ამ რაშიზმსა და რაშისტებს ვებრძვით (რომლითაც სავსეა ქართული ოცნება). არამც და არამც ეთნიკური ნიშნით რუსებს! ჩვენში მიუღებელია ეთნიკური ზიზღი და შოვინიზმი!და ბოლოს, ბატონო მდინარაძე, სანამ ერუდირებულ ადვოკატობაზე გექნებათ პრეტენზია, ჯერ უდანაშაულობის პრეზუმფცია შეიმეცნეთ, სანამ დამნაშავედ მოიხსენიებთ კაცს, რომელსაც ბრალი დამტკიცებული არ აქვს!“,- ვკითხულობთ ცეცხლაძის წერილში.
მანამდე სახელისუფლებო პროპაგანდის შესახებ წერდა პატიმრობაში მყოფი ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე:
"ანდროს უგორებენ გაშავების კამპანიას შალიკო რამიშვილი და ცოცხალი ბოტები. ამოუღიათ აქსანა ბიჩკივას ფილმი, რომელიც გადაღებულია თბილისში უკრაინის ომამდე. ფილმი კორპროდუქციაა და თამაშობს ბევრი ქართველი მსახიობი! თვითონ აქსანა გახლავთ არაჩვეულებრივი პიროვნება, ანტიპუტინისტი, აქტივისტი, რომელსაც დევნიდნენ, ჩამოვიდა თბილისში და ჩვენმა ოჯახმა მისცა თავშესაფარი! შემდეგ წავიდა ბარსელონაში, ამჟამად იქ ცხოვრობს. რუსეთში დაიჭერდნენ ან მოკლავდნენ. შალიკომ "ფილმი 2023 გადაიღესო", რაც ტყუილია! ფილმი გადაღებულია თბილისში უკრაინის ომამდე! არც ერთ პროექტში, უკრაინის ომის მერე, რუსები რასაც სთავაზობდნენ, არ მიუღია მონაწილეობა, თანაც ძალიან დიდ თანხებს სთავაზობდნენ, რაზეც, რა თქმა უნდა, ანდრო უარს ამბობდა! აქსანა ბუჩკოვა უფრო მეტი ქართველია და პატრიოტი, ვიდრე შალიკო ბაყაყი და მისთანები, ამიტომ შალვა არ გაგივა არა! ბორენკას და შენი მთავრობის რუსობას მიხედე შენ! ანდროს ვერ გააშავებ, ნუ ცდილობ!".
ანდრო ჭიჭინაძესთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა თავად ფილმ "ნინას" რეჟისორმაც. ის, მათ შორის იხსენებს, რომ ჭიჭინაძე მისი ვლადიმირ პუტინის პოლიტიკისადმი დამოკიდებულებით დაინტერესდა.
"მინდა ნათელი მოვფინო გარკვეულ საკითხებს ჩემს ფილმში შესანიშნავი მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის მონაწილეობის თაობაზე. ჩვენ ამ ფილმს ვიღებდით 2021 წელს. მომზადება დავიწყეთ და საქართველოში ჩამოვედით 2020 წელს, ლოქდაუნის პერიოდში და ვიღებდით თებერვალსა და მარტის დასაწყისში, ანუ, ეს ხდებოდა 1 წლით ადრე უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დაწყებამდე...
ანდრო არ მონაწილეობდა არანაირ პროექტში, რომელიც იქნებოდა პროპუტინური. გარდა ამისა, კასტინგის დროს, ანდრო დაინტერესდა როგორი პოზიცია მქონდა მე პირადად და მე არასდროს დამიჭერია მხარი იმისთვის, რაც რუსეთში ხდება და ყოველთვის პრეზიდენტობის სხვა კანდიდატს ვაძლევდი ხმას, გარდა პუტინისა. ანდროსთვის ამის ცნობა იყო მნიშვნელოვანი, სანამ მუშაობას დაიწყებდა.
გარდა ამისა, მეც და ჩვენი ოპერატორიც 2022 წელს წავედით რუსეთიდან, რადგან არ შეგვეძლო, დავრჩენილიყავით ქვეყანაში, რომელმაც ომი დაიწყო უკრაინასთან. მით უმეტეს, მე უკრაინაში დავიბადე და ბევრი მეგობარი მყავს იქ და ვთვლი, რომ ეს უზარმაზარი ტრაგედიაა ჩვენი ერისთვის. ამიტომ, ანდრო ჭიჭინაძის დაკავშირება პროპუტინისტური პროექტთან სასაცილოც კი არის. ჩვენი ოპერატორი 2022 წლის 28 თებერვლიდან თბილისში ცხოვრობს, მე ვცხოვრობ ბარსელონაში და ჩვენ რუსეთიდან პროტესტის ნიშნად წამოვედით. მე მინდა, რომ ეს ყველამ გაიგოს. ანდრო შესანიშნავი ადამიანია და უნდა ამაყობდეთ, რომ ასეთი ხალხი ცხოვრობს საქართველოში",- თქვა ფილმ "ნინას" რეჟისორმა, ოქსანა ბუჩკოვამ "მთავარი არხის" ეთერში სახელისუფლებო პროპაგანდის საპასუხოდ.