23-01-2025 01:29:15 ევროპა ,პოლიტიკა
ესტონეთის პარლამენტმა ქართველი ხალხის მხარდამჭერი განცხადება მიიღო. კანონმდებლები მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქართული დემოკრატიის, დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სალომე ზურაბიშვილის, როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტის დასაცავად და მხარდასაჭერად.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ესტონეთი მხარს უჭერდა და უჭერს საქართველოს განვითარებას, ხმას იმაღლებდა და იმაღლებს რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის.
“ბოლო ათწლეულის განმავლობაში ესტონეთი სულ უფრო დიდი შეშფოთებით ადევნებდა თვალს რუსეთის აქტივობებს, რომელიც, მათ შორის, ქართულ საზოგადოებაში პოლარიზების გაღვივებასა და დემოკრატიულ არჩევნებში ჩარევაში გამოიხატებოდა. გასული წლის საპარლამენტო ოქტომბრის არჩევნები, რომელიც ძალადობისა და დაშინების ატმოსფეროში ჩატარდა, არ გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. მმართველი პარტია „ქართული ოცნება”, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით სარგებლობს, ამ თაღლითური არჩევნების შედეგებს იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირებისთვის“, — აცხადებენ ესტონელი დეპუტატები, რომლებიც არ აღიარებენ „ქართული ოცნების“ პარლამენტის, მთავრობის, პრეზიდენტის ლეგიტიმურობას, საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს თვლიან და მხარდაჭერას უცხადებენ მის „ძალისხმევას, ქვეყანაში კონსტიტუციური კრიზისი დაასრულოს“.
ესტონეთის პარლამენტი მხარდაჭერას გამოხატავს ასევე საქართველოში მოქმედი დემოკრატიული ძალებისადმი, რომლებიც მოითხოვენ ახალი არჩევნების დანიშნვას და თვლის, რომ ამის გარეშე საქართველოში კრიზისის დაძლევა და დემოკრატიის აღდგენა შეუძლებელია.
გარდა ამისა, ესტონეთის პარლამენტი გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით გამოყენებულ "სასტიკ რეპრესიულ ზომებს" და მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.
ესტონელი კანონმდებლები მოუწოდებენ სხვა დემოკრატიული ქვეყნების პარლამენტებს, ასევე დაგმონ საქართველოს მმართველი რეჟიმის ძალადობრივი ქმედებები, ევროპულ კომისიასა და ევროკავშირის ქვეყნებს - დააწესონ სანქციები „ოცნების“ პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნების მიმართ და ამასთანავე, შეწყვიტონ კომუნიკაცია საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის ინსტიტუტებთან, სანამ ქვეყანაში არ დაინიშნება ახალი არჩევნები, ასევე მხარი დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და თავისუფალ მედიას, რომლებიც "იბრძვიან თავისუფლებისთვის".
„ესტონეთის პარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ერს, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, კონსტიტუციას, დემოკრატიას და ევროკავშირში საქართველოს მომავალს“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ესტონეთის პარლამენტის 59-მა წევრმა დაუჭირა მხარი და მხოლოდ 9 შეეწინააღმდეგა.