
სასამართლოში ელისაშვილის საქმეზე მსჯელობენ
23/01/2025 08:43:56 პოლიტიკა, სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის სისხლის სამართლის ბრალდების საქმის განხილვა მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. სხდომას ალეკო ელისაშვილიც ესწრება.
"რეჟიმი და მისი მსახური დუქანი, სადაც ახლა ვართ, აბსოლუტურად დაცლილი სიმართლისგან და სამართლიანობისგან, გადასულია ძალადობაზე და ამის მონაწილეები ვართ ყველანი. მედავებიან, ქუჩაში კაცმა შემაგინა, შემოვცხე, ვიღაცა გაუგებარი კაცია ალი ბაბაევი და მაგის მიმართ პოლიტიკური დევნაო და გახარია პრემიერმინისტრი იყო, კაცი მოკლეს ცემაში და ცემის მუხლით აღძრეს, ანუ, ის პოლიტიკური დევნაა და ეს ცემაა. შაპიტოში ვარ მოსული" თქვა ელისაშვილმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე.
ელისაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ედავებიან, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ საქმის ფარგელებში ელისაშვილი დაკავებული იყო. თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა შემდეგ აღკვეთის ღონისძიების სახე პროკურატურის შუამდგომლობით შეიცვალა.