
"რეორგანიზაცია დაჩქარებულად და დაუსაბუთებლად წარიმართა" - ცესკო-დან გათავისუფლებულებს ISFED დაიცავს
23/01/2025 10:22:28 პოლიტიკა
ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ დაიცავს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გათავისუფლებულ პირთა ინტერესებს.
როგორც ცნობილია, 2024 წლის 16 დეკემბერს ცესკოში დაიწყო რეორგანიზაცია. ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის ბრძანებაში რეორგანიზაციის მიზნად მითითებულია სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფა.
„სამართლიანი არჩევნები“ მიუთითებს, რომ თანამშრომლები საუბრობენ პოლიტიკურ მოტივებსა და მათი გათავისუფლების კავშირზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პოზიციასთან.
„გათავისუფლებულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება მათი ოჯახის წევრების პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება, ხოლო მათი ნაწილისთვის დღემდე უცნობია გათავისუფლების რეალური მიზეზი. რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ პირთა შორის მოხვდნენ ისინიც, ვინც ღიად უჭერდნენ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და საჯაროდ დაგმეს სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადებები.
სხვები რეორგანიზაციას უკავშირებენ არა რეალურ საჭიროებებს, არამედ თავმჯდომარის პირად ანგარიშსწორებას 2024 წლის 16 ნოემბერს ცესკოში მომხდარი ფაქტის გამო. როგორც მედიაში გავრცელდა, ცესკოს წევრმა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით კირთაძემ, ცესკოს თავმჯდომარეს სახეზე შავი საღებავი შეასხა. აღსანიშნავია, რომ დავით კირთაძის მეუღლე სოფიო სიჭინავა, ცესკოში ერთ-ერთი დეპარტამენტის, სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. სიჭინავამ მომხდარის შემდეგ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. რეორგანიზაციის შედეგად სწორედ ეს დეპარტამენტი გაუქმდა და გათავისუფლდა დეპარტამენტში დასაქმებული ყველა პირი.სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქცია იყო საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის დაგეგმვისა და ანგარიშგების პროცესის წარმართვა, ასევე ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარება. დეპარტამენტი ამზადებდა ჩატარებული არჩევნებისა და ადმინისტრაციის მიერ განხორიციელებული საქმიანობის შესახებ სხვადასხვა უწყებისთვის, მათ შორის საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ ანგარიშებს. რეორგანიზაციის შედეგად საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის დებულება 2025 წლის 20 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა. რეორგანიზაციის შედეგად ასევე გათავისუფლდნენ ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის სწავლების მონიტორინგის ჯგუფის ოთხი და შრომის უსაფრთხოების ჯგუფის ერთი წევრი, ასევე თავმჯდომარის ორი მრჩეველი.“, – აცხადებს ორგანიზაცია.
მისი ცნობით, ახალი საშტატო ნუსხის მიხედვით, ცესკოს აპარატში 118 საშტატო პოზიცია 103-მდე შემცირდა.
„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ რეორგანიზაცია დაჩქარებულად და დაუსაბუთებლად წარიმართა. გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოკვლეულა არსებული სტრუქტურის პრობლემები, არ შეფასებულა ხარვეზები, შესაბამისად, დაუსაბუთებელია, რა საჭიროებებს, პრინციპებსა და მიზნებს დაეფუძნა რეორგანიზაცია.
„გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ახლა ან მომავალში გადასაწყვეტ საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეები შესაძლოა შეეცადონ ეს საკითხი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ და მოახდინონ მისი პოლიტიზება, – 17 დეკემბერს ცესკო რეორგანიზაციის საკითხს პრევენციული განცხადებით გამოეხმაურა:
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ რეორგანიზაციას საფუძვლად უდევს ინსტიტუციური საჭიროებები. ცენტრალური საარჩევნო კომისია თითოეული თანამშრომლის დასაქმების პროცესში, ხელმძღვანელობს მხოლოდ და მხოლოდ პოტენციური კადრების კომპეტენციებითა და პროფესიონალიზმის ხარისხით, რაც დასტურდება მრავალი ათეული წლის მანძილზე მომუშავე თანამშრომელთა დიდი გუნდის არსებობით ადმინისტრაციაში, თუმცა, უდავოა ისიც, რომ საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია განახლება და ადაპტაცია იმ გამოწვევების დაძლევის მიზნით, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველი არჩევნების წინ და შემდგომ აქვს“, – განაცხადა ცესკომ 17 დეკემბერს.
განახლება
ცესკო უსაფუძვლოსა და არაარგუმენტირებულს უწოდებს „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის განცხადებას, რომ „ცესკო-ში რეორგანიზაცია ფორმალურ ხასიათს ატარებდა და კანონით დადგენილ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა“.
„დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა სრულიად უსაფუძვლოდ და არაარგუმენტირებულად განაცხადა, რომ ცესკო-ში რეორგანიზაცია ფორმალურ ხასიათს ატარებდა და კანონით დადგენილ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა, მაშინ, როდესაც „სამართლიან არჩევნებს“ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ცესკო-სგან არანაირი ინფორმაცია არ გამოუთხოვია და შესაბამისად, პროცესთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას არ ფლობს.
როგორც ჩანს, ორგანიზაცია მისთვის უკვე ჩვეული მიკერძოების სტანდარტით, საკუთარ განცხადებაში დაეყრდნო მხოლოდ ერთი მხარის განცხადებებს და საჭიროდ არ ჩათვალა, საფუძვლიანად შეესწავლა რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ყველა გარემოება.
სამწუხაროდ, „სამართლიანი არჩევნების“ მიკერძოებული დამოკიდებულება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ არ არის ახალი. საზოგადოებას კარგად ახსოვს 2020 წელს პარალელური დათვლის შედეგების შეცდომით გამოქვეყნება და დროულად არ აღიარება ამ შეცდომის, რამაც პროცესის პოლარიზაცია და რადიკალიცაზია გამოიწვია. 2024 წელს კი ასეთივე დათვლის შედეგების აღიარება, მაგრამ არ გამოქვეყნება, რამაც ასევე მთელი რიგი კითხვები გამოიწვია და ხელი შეუწყო პროცესის შემდგომ რადიკალიზაციას.
ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ ცესკო-მ არაერთი განცხადება გაავრცელა და როგორც თანამშრომლებს, ასევე საზოგადოებას განუმარტა უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის საფუძველი, რაც ცალსახად არსებული საჭიროებებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარეობდა, დაინტერესებული მხარეები საკითხით მანიპულაციას კვლავ განაგრძობენ. საუბარი იმაზე, თითქოს თანამშრომლების გათავისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის მხარდაჭერის გამო მოხდა, არის შეურაცხმყოფელი ადმინისტრაციის თითოეული თანამშრომლისთვის, ვინაიდან, ასეთი მიზეზის არსებობის შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციის არც ერთ დონეზე არც ერთი თანამშრომელი აღარ დარჩებოდა. საარჩევნო ადმინისტრაცია რჩება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის ერთგული და მუდმივად იცავს უმაღლეს პროფესიულ სტანდარტებს.
საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, რომ ეს არ არის რეორგანიზაციის პირველი შემთხვევა. საარჩევნო ადმინისტრაცია არსებული პრაქტიკის შესაბამისად, პერიოდულად, მათ შორის ჩატარებული საარჩევნო ციკლის შემდგომ აანალიზებს განხორციელებულ საქმიანობას და არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, ცესკო იღებს სხვადასხვა, მათ შორის საკადრო, გადაწყვეტილებებს.
საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის განცხადებები. მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეებს ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში და პირადი თუ პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, ნუ შეუწყობენ ხელს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თითოეული გადაწყვეტილება ეფუძნება და მომავალშიც დაეფუძნება მხოლოდ სამართლებრივ პრინციპებს და იმ საჭიროებებს, რომელიც ქვეყანაში არჩევნების დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებას უზრუნველყოფს“,- ნათქვამია განცხადებაში.