
კობახიძე: ახალი სტადიონის მშენებლობაში კონსულტაციას ჰოლანდიური კომპანია გაგვიწევს
23/01/2025 10:36:13 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თბილისში დაგეგმილი ახალი სტადიონის მშენებლობის პროცესში კონსულტაციას ჰოლანდიური კომპანია გაწევს.
"ჩვენ შევჯერდით დღეს კომისიის სხდომაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ჰოლანდიური კომპანია გაგვიწევს საკონსულტაციო მომსახურებას, შემუშავდება ერთგვარი მასტერპლანი, კონცეფცია ახალი სტადიონისთვის, ჩვენს ჰოლანდიელ პარტნიორებთან ერთად, რომელსაც ჩართული ეყოლება მათ შორის, UEFA-ს ექსპერტები ამ სტადიონის კონცეფციის შემუშავების პროცესში. როდესაც მსვლელობა მიეცემა ამ სტადიონის მშენებლობას, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ისინი გაგვიწევენ საკონსულტაციო მომსახურებას. უახლოეს დღეებში გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება და ამის შემდეგ წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაცია სამ კომპანიასთან დაკავშირებით". - თქვა კობახიძემ.
მისივე თქმით, ახალი სტადიონს სპორტულის გარდა კულტურული დანიშნულებაც ექნება, კერძოდ ჩატარდება კონცერტები და მოეწყობა საგამოფენო სივრცე:
"ეს იქნება ერთგვარი საიმიჯო პროექტი, რომელიც დადებითაც აისახება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე. იქნება რეზონანსული პროექტი, ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანა გახლავთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა ახალ სტადიონზე. ეს სტადიონი განკუთვნილი იქნება როგორც საფეხბურთო, ისე სარაგბო მატჩებისთვის, უზრუნველყოფილი იქნება ახალი საკონცერტო ინფრასტრუქტურა. ახალი სტადიონზე გვექნება იმის შესაძლებლობა რომ უმაღლესი დონის კონცერტებს ვუმასპინძლოთ ჩვენ დედაქალაქში. საკონვენციო ცენტრის ფუნქციასაც შეითავსებს".
როგორც კობახიძე ამბობს, სტადიონი გარეუბანში აშენდება, შერჩეულია ორი ლოკაცია, მაგრამ ჰოლანდიური კომპანიის კონსულტაციას ელოდებიან.