კორონავირუსის გამო გამყრელიძე მოქალაქეებს 4 ქვეყანაში მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს
24/02/2020 10:57:13 საზოგადოება
კორონავირუსის (COVID-19) გამო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს 4 ქვეყანაში მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
„თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, თავი ავარიდოთ მოგზაურობას ირანში, სამხრეთ კორეაში, ჩინეთსა და იტალიაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის: საქართველო ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს. გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 619-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 79 000–მდე ადამიანი. ვირუსმა ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 150 ადამიანი იმსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 592-ს მიაღწია. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. "COVID-19" მსოფლიოს 27–ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.


