
„ბათუმელების“ ოპერატორი ამბობს, რომ დაკავების შემდეგ ტელეფონიდან ყველა მასალა წაუშალეს
23/01/2025 11:06:38 საზოგადოება
„ბათუმელების“ ოპერატორმა გურამ მურვანიძემ რვადღიანი პატიმრობის შემდეგ იურისტებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მისი დაკავების დეტალებზე ისაუბრა.
მან თქვა, რომ დაკავების შემდეგ ტელეფონიდან ყველა მასალა წაუშალეს. მისივე თქმით, დააკავეს უშუალოდ ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის ბრძანებით მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ „ბათუმელების“ ოპერატორი იყო. ამ დროს უკვე მეორედ, სისხლის სამართლის წესით იყო დაპატიმრებული „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.
„ჩემი დაკავება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძის უშუალო ბრძანებით მოხდა, როცა გაიგო, რომ „ბათუმელების“ თანამშრომელი ვიყავი. დაკავების მომენტში ორივე ხელი მაღლა მქონდა აწეული და მობილური ტელეფონით საპროტესტო აქციას ვიღებდი. ირაკლი დგებუაძემ პოლიციის თანამშრომლებს უბრძანა, წაერთმიათ ჩემთვის ტელეფონი და წაეშალათ ინფორმაცია. ამ ბრძანების მოსმენისთანავე ჩემთან მოვიდა რამდენიმე პოლიციელი და ხელების დამტვრევის მუქარით მომთხოვეს, მეჩვენებინა, თუ რას ვიღებდი და წამეშალა. მოვასწარი ტელეფონის დაბლოკვა და მოგვიანებით გავთიშე“, – გაიხსენა გურამ მურვანიძემ.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გურამ მურვანიძეს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა. მან ფოთის იზოლატორი 20 იანვარს დატოვა. სწორედ იზოლატორის დატოვების შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი ტელეფონიდან წაშლილი იყო მასალა.
„მის ტელეფონში შემოღწევით და ამ მასალების წაშლით მოხდა არა მხოლოდ პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება და განადგურება, არამედ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არსებული მტკიცებულების განადგურებაც“, – თქვა იურისტმა.
მათ მიმართეს შსს-ს გენინსპექციას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რეაგირებისთვის.