Accentnews.ge
კობახიძე გახარიაზე თავდასხმის გამართლებას ცდილობს

კობახიძე გახარიაზე თავდასხმის გამართლებას ცდილობს

23/01/2025 11:21:12 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმის კონტექსტში ამბობს, რომ "როდესაც შენთან მოდის ადამიანი და გეუბნება მარტივ ჭეშმარიტებას, „შენ ხარ ნაცი“, „შენ ხარ ჯაშუში“, როდესაც მართლა „ნაცი“ ხარ და ჯაშუში, გეკისრება თმენის ვალდებულება". თუმცა ანალოგიური მიდგომა არ ვრცელდება "ქართული ოცნების" წევრებზე. მაგალითად, აბუ-დაბიში "ოცნების" დეპუტატების - ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძესა და გელა სამხარაულის მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილზე ფიზიკურ თავდასხმას შეურაცხყოფაზე პასუხად გვთავაზობდნენ. მანამდე გაბიტაშვილმა "ოცნების" დეპუტატებს მოღალატეები უწოდა.

„თქვენ ნახეთ, როგორ წარიმართა ინციდენტი. იყო სიტყვიერი შელაპარაკება, რასაც ძალადობრივი აქტი მოჰყვა გახარიას მხრიდან, ჭიქა ესროლა და ყავა შეასხა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრს, პარლამენტის წევრს. ფიზიკური აგრესიის წამოწყება მოხდა გახარიას მხრიდან. ამას მოჰყვა გაგრძელება. ყველა დეტალი უნდა იყოს შესწავლილი. შემიძლია გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ვთქვა ერთი რამ: როდესაც ხარ „ნაცი“ თმენის ვალდებულება გეკისრება. როდესაც შენთან მოდის ადამიანი და გეუბნება მარტივ ჭეშმარიტებას, „შენ ხარ ნაცი“, „შენ ხარ ჯაშუში“, როდესაც მართლა „ნაცი“ ხარ და ჯაშუში, გეკისრება თმენის ვალდებულება. ეს არის მარტივი რამ რაც შემიძლია ვუთხრა როგორც გახარიას, ისე სხვა „ნაცებს“,- თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის: ყოფილი შს მინისტრი და პრემიერი, პარტიის "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია დღეს პროკურატურაში იმყოფებოდა.

პარტიამ 21 იანვარს განაცხადა, რომ გახარიაზე თავდასხმის ვიდეოჩანაწერები პროკურატურამ სასტუმრო "შერატონიდან" სერვერებიანად წაიღო, რისი სავარაუდო მიზანიც მტკიცებულებების განადგურებაა.

14 იანვრის ღამეს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში” გიორგი გახარიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მანამდე იმავე სასტუმროში თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს. მომხდარზე ინფორმაცია თავდაპირველად ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, რასაც ქორიძეც ადასტურებს, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე მონაწილეობდნენ.

გიორგი გახარია ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით კლინიკაში გადაიყვანეს.

ცნობილი გახდა, რომ შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

"ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება.თავდასხმის დამკვეთი - ბიძინა ივანიშვილი.ივანიშვილი დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს, სხვადასხვა ფორმით და გზებით, მათ შორის, საჯაროდაც.მე არ მაინტერესებს ამ თავდასხმის შემსრულებლები. მე საქმე მაქვს ჩემზე თავდასხმის და მოქალაქეებზე ძალადობის დამკვეთთან.რაც შეეხება გამოძიებას, მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, შეინარჩუნონ სახე და არ გახდნენ ძალადობრივი დანაშაულებების თანამონაწილე" - დაწერა გახარიამ სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S