"არაპროპორციულად მაღალი ჯარიმების პრაქტიკა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს, რაც, საქართველოსთვისაც სავალდებულოა"

23-01-2025 15:47:58 საზოგადოება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა და „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ დემონსტრანტების წინააღმდეგ „გზის გადაკეტვის” გამო დაკისრებულ ჯარიმებზე ისაუბრეს.

სამოქალაქო საზოგადოების წევრები აღნიშნავენ, რომ არაპროპორციულად მაღალი ჯარიმების პრაქტიკა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს, რაც საქართველოსთვისაც სავალდებულოა:

„აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციამ და სასამართლოებმა ინტენსიურად დაიწყეს დეკემბერში “ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ 5 დღეში მიღებული შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ბლანკეტური აკრძალვების გამოყენება, ასევე, მათი დარღვევისთვის 10-ჯერ და 20-ჯერ გაზრდილი მძიმე ფინანსური ჯარიმების და 15 დღემდე პატიმრობების გამოყენება. პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს ღობეზე სტიკერების გაკვრის, ან სახის ნაწილის დაფარვის გამო, მაშინაც, კი, როდესაც პროტესტის მონაწილეები იდენტიფიცირებულები არიან. ასევე, დემონსტრანტებს მასობრივად და დაუსაბუთებლად აჯარიმებენ არაპროპორციულად მაღალი ჯარიმებით „გზის სავალი ნაწილის უკანონოდ გადაკეტვის” მოტივით მაშინ, როდესაც პოლიციის მიერ წარმოდგენილ ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებში მოქალაქეთა მხრიდან გზის უკანონო ბლოკირების ფაქტები არ დასტურდება - მოქალაქეები დგანან ხალხის მასაში, ან მონაწილეობენ მასობრივ სახალხო მსვლელობებში.

არაპროპორციულად მაღალი ჯარიმების პრაქტიკა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს, რაც, საქართველოსთვისაც სავალდებულოა.

ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მოსაზრებით, არაპროპორციულმა სანქციამ, მათ შორის მკაცრმა ჯარიმამ, შესაძლოა დაარღვიოს შეკრების თავისუფლების უფლება და ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, რომელიც მომავალში შეკრებასა და მანიფესტაციებში მონაწილეობის მსურველ პირს უბიძგებს თავი შეიკავოს პროტესტის გამოხატვისაგან. ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ არასათანადოდ მკაცრი სანქციის გამოყენებამ, შესაძლოა, მსუსხავი ეფექტის საფრთხე გააჩინოს”.

მათივე შეფასებით, ჯარიმების გამოყენების ინტენსივობა და დაუსაბუთებელი ხასიათი მიუთითებს, რომ მისი მიზანი პროტესტის მონაწილე მოქალაქეების დაშინება, პროტესტის შესუსტება, აქციის მონაწილეებისათვის ფინანსური პრობლემების შექმნაა.

ამასთან, არასამთავრობოები მიუთითებენ, რომ საქმეების განხილვისას იკვეთება არაერთი დარღვევა, შსს სასამართლოში წარადგენს მტკიცებულებებს, საიდანაც არ დასტურდება: სავარაუდოდ სამართალდარღვევის ჩადენის დრო; ხალხის რაოდენობის სიმცირე; აქციის მონაწილე ქუჩის გადაკეტვამდე მივიდა ადგილზე, თუ გადაკეტვის შემდეგ; რა ნიშნით შეირჩა კონკრეტული პირი აქციის მონაწილეებისგან საჯარიმო ქვითრის შესადგენად. ამასთან, მათივე ცნობით, საქმეს არ ერთვის: კონკრეტული პირის იდენტიფიკაციისთვის მტკიცებულებების მოსაპოვებლად ჩატარებული ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტაცია (მაგალითად, დოკუმენტაცია იმისა, თუ საიდან ან რა სამართლებრივი გზით აქვს მოპოვებული მტკიცებულებები სახელმწიფოს), ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი.

ბრიფინგზე აღინიშნა, რომ საქმეების განხილვის პროცესში ჩართულები არიან ესტონეთის მიერ დასანქცირებული მოსამართლეები, კერძოდ, თბილისში ამ საქმეებს 6 მოსამართლე განიხილავს: ლელა მილდენბერგერი;ზვიად ცეკვავა;ლელა ცაგარეიშვილი;კობა ჩაგუნავა;ნინო ენუქიძე;მანუჩარ ცაცუა.ისინი მოუწოდებენ მოსამართლეებს, იმოქმედონ კანონის და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეებს მოუწოდებენ, გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:

  • ჯარიმის გამოწერის შემთხვევაში დაუკავშირდეს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზს: 577 07 05 63;
  • იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე თავად გადაწყვეტს საკუთარი თავის დაცვას, არასასურველი შედეგის შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზნით შეუძლია, ასევე, დაუკავშირდეს არასამთავრობო ორგანიზაციებს ცხელ ხაზზე: 577 07 05 63;
  • იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე არ გამოცხადდა სასამართლოში, სასამართლო მისი დასწრების გარეშე მიიღებს გადაწყვეტილებას, რისი გასაჩივრება ასევე იქნება შესაძლებელი;
  • მოქალაქეთათვის უკანონო ჯარიმების ტვირთის შესამსუბუქებლად ფუნქციონირებს არაერთი კერძო თუ სხვა ფონდი. მათ შორის, არსებობს ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ მობილიზებული ფონდი, საიდანაც ხდება ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდა;
  • იმ შემთხვევაში თუ პირმა უარი განაცხადა ჯარიმის გადახდაზე, დაიწყება იძულებითი აღსრულების მექანიზმის გამოყენება, რაც ასევე გულისხმობს ბანკის ანგარიშების გაყინვას.

„5000 ლარიანი ჯარიმების გადახდა მაშინ, როდესაც საშუალო ხელფასი 1,600 ლარამდეა, ხოლო მედიანური ხელფასი 1,000 ლარია, ერთ ოჯახზე სოციალური დახმარება საშუალოდ თვეში 370 ლარია, წარმოუდგენელი სიმძიმის ფინანსური და ქონებრივი ტვირთია მოქალაქეებისთვის, მითუმეტეს, როცა ჯარიმების შეფარდება დაუსაბუთებლად და განმეორებითად ხდება და ასეთი მაღალი ჯარიმების პრაქტიკა საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოა. ვიწყებთ ბიზნეს ასოციაციებთან და ბიზნეს სექტორთან შეხვედრებს, რომ ავუხსნათ არსებული ვითარება. მივესალმებით იმ კომპანიების, ვინც სწორი სამოქალაქო პოზიცია გამოხატა ამ პერიოდის განმავლობაში. იმედი გვაქვს, რომ მათი მხრიდან გაძლიერდება ძალისხმევა დაჯარიმებულების დახმარების კუთხით”, – აღნიშნავენ ისინი.

Новости

Другие новости