
მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ექიმი გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა
23/01/2025 13:07:51 საზოგადოება
პროევროპული აქციების კიდევ ერთი აქტიური მონაწილე, ექიმი გიორგი ახობაძე მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პატიმრობაში დატოვა. ამ გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა.
გიორგი ახობაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდო.
„თავს არ ვცნობ დამნაშავედ და ეგ რაღაცა რასაც მედავებიან ჩემს ჯიბეში მე არ მომითავსებია, მათ მოათავსეს“, - თქვა გიორგი ახობაძემ.
ასევე თქვა, რომ არასწორადაა მითითებული მისი დაკავების გარემოებებიც:
„გამაჩერა პატრულის ეკიპაჟმა - მინიმუმ 5 პოლიციის მანქანა იყო და არანაირი სამი პოლიციელი იქ არ ყოფილა... გაჩერების დროსაც, გლდანის საპყრობილეშიც აქცენტირებას აკეთებდნენ: "აი, აქციებზე რომ დადიოდი, კარგი ხომ იყოო". მოტივი საერთოდ სხვა იყო და არა ის, რომ პატაკით ჰქონდათ მიღებული და შესაბამისად, მოქმედებებიც შესაბამისი იყო...“.
ამასთან, მან პროკურორ შმაგი გობეჯიშვილს სთხოვა, მისი ისტორია დედისთვის მოეყოლა და ეკითხა, რას ფიქრობდა კაცზე, რომელმაც ადამიანს მომაკვდავ დედასთან ბოლო დღეების გატარების შესაძლებლობა არ მისცა.
„მისი განხორციელებული მოქმედება ჩემი მხრიდან სუბიექტურია, შეფასებულია როგორც მკვლელობა. იმიტომ არა, რომ დღეს დედაჩემი ცოცხალი არ არის. იმიტომ, რომ შენ დედაჩემს პალიატიურ პაციენტს [მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი, რომელიც ცხოვრების ბოლო თვეებს და დღეებს გადის]... ასეთი პაციენტები მოწყვლადები არიან. ნებისმიერმა ვირუსულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს მათი გარდაცვალება. მას მხოლოდ ორად ორი კონტაქტი ჰყავდა. თქვენი გადაწყვეტილებით და მოთხოვნის გამო აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის გამო, გთვლით მკვლელად. იძულებული გავხდით, დედაჩემი გადაგვეყვანა იმდენი კონტაქტის მქონე ადგილას, ჰოსპიტალში. [მე, როგორც მაღალი კომპეტენციის ანესთეზიოლოგ რეანიმატოლოგს] იგივე პირობები მქონდა სახლში შექმნილი. [კლინიკაში გადაყვანით] დაახლოებით 40 კაცამდე ადამიანზე საუბარი - თქვენ გაზარდეთ პაციენტის ავადობისა და სიკვდილიანობის რისკი...
თქვენ რაც შემოგთავაზეთ აღკვეთის ღონისძიების ალტერნატივად [შინაპატიმრობა] ერთ რამეს ცვლიდა - ვიქნებოდი მე საბურთალოზე [სახლში] თუ გლდანში [ციხეში]. დანარჩენი ყველა სახის თავისუფლების აღკვეთა რჩებოდა ზუსტად იგივე... არ გაითვალისწინეთ და არ მომეცით საშუალება, მიმეხედა დედაჩემისთვის - ჩემი ცხოვრების მთავარი პაციენტისთვის გამეწია ის დახმარება. არც ერთი პაციენტი არ გამიშვია ამ ქვეყნიდან დამატებითი ძალისხმევის გარეშე... თქვენ თქვენი დაუსაბუთებელი და უგრძნობი გადაწყვეტილებით, არ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტთან ზუსტად იგივე ნაბიჯები გადამედგა, რაც თითოეულ ჩემს სხვა პაციენტს აქვს მიღებული... თქვენ არ მიეცით ქართველ დედას, თავისი ცხოვრების ბოლო დღეები გაეტარებინა თავისი შვილის გვერდით. მე მინდა გკითხოთ, ამხანაგო გობეჯიშვილო [პროკურორო], დედა ხომ გყავთ. მინდა მიხვიდეთ და ჰკითხოთ, როგორ შეაფასებდა ასეთ კაცს, როგორზეც მე ვილაპარაკე... თქვენი მშობელი რომ პასუხს გაგცემთ, რა კაცია ის ადამიანი, სარკეში ჩაიხედოთ და ეცადოთ, ეს ადამიანი მეორეჯერ თქვენი კარიერის მანძილზე აღარ დაგენახოთ. ამას გისურვებთ, რომ ისე გაგეგრძელებინოთ თქვენი კარიერა ასეთი ადამიანი აღარ დაგენახოთ“, - მიმართა მან პროკურორს.
ახობაძე 7 დეკემბერს, თამარ მეფის გამზირზე დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე 260- მუხლით აღიძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. ბრალი 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.