
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკში 6 უკრაინელი ტყვე სავარაუდოდ, დახვრიტეს
23/01/2025 13:56:06 მსოფლიო
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში 6 უკრაინელი სამხედრო დახვრიტეს, მიმდინარეობს გამოძიება, - იუწყება უკრაინის გენერალური პროკურატურა.
"წინასწარი მონაცემებით, დონეცკის ოლქში უკრაინულ პოზიციებზე იერიშისას ოკუპანტებმა 6 სამხედრო მოსამსახურე ჯერ დაატყვევეს, ხოლო მოგვიანებით დახვრიტეს. რუსეთმა ომის მორიგი დანაშაული ჩაიდინა, ვინაიდან ტყვეთა დახვრეტა ჟენევის კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ტყვეთა დახვრეტის ვიდეო ორიოდ დღის წინ სოციალურ ქსელებში გამოდეს.
"ოკუპანტებმა თავად აღბეჭდეს ომის ეს დანაშაული. ვიდეოში ჩანს, რომ შეუიარაღებელ უკრაინელ ტყვეებს ზურგში ესვრიან" - განაცხადა ამასთან დაკავშირებით უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა.
აღსანოშნავია, რომ ხსენებულ ვიდეოში ჩანს კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო, - მისი ბედი ამ დროისთვის უცნობია.