
ავტობუსებში საპროტესტო აუდიოჩანაწერები ირთვება: "მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი"
24/01/2025 08:07:55 საზოგადოება
დილიდან თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გადახდის აპარატებში სხვადასხვა მიმართვები ისმოდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერდნენ და შესაბამის ვიდეოებს აქვეყნებდნენ.
აპარატებში ისმოდა, მათ შორის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიერ 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის დღის გამოცხადებისას წარმოთქმული სიტყვა:
"9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!“
ასევე ისმოდა ზურაბ ჟვანიას სიტყვები "მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი". ეს სიტყვები მან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში წარმოთქვა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 1999 წლის 27 იანვარს. მის ამ სიტყვას ხშირად იყენებენ პროევროპულ საპროტესტო აქციებზე, რომელიც საქართველოში უწყვეტად მიმდინარეობს 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასევე ისმოდა "დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!" და სხვა.
თბილისის მერიის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება, სავარაუდო კიბერშეტევის გამო.
"საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას „საქართველოს ბანკის“ კონტრაქტორი კომპანიები - შპს „მს+“ და შპს „აზრი“ ახორციელებენ, ხარვეზი ფიქსირდება და აუდიო ჩანაწერი ირთვება. პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებმა ოპერატიულად დაიწყეს მუშაობა. აპარატები უახლოეს პერიოდში, ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვება", - ნათქვამია მერიის განცხადებაში, რომლის თანახმად, ხარვეზის აღმოფხვრის პერიოდში ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.