„ჩინეთიდან საჩხერეში ევაკუირებულ მოქალაქეებს საეჭვო სიმპტომები არ აღენიშნებათ“
24/02/2020 12:21:09 საზოგადოება
ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის ეჭვით საჩხერის სასტუმროში კარანტინში იმყოფებიან, თავს კარგად გრძნობენ. ამის შესახებ საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა მენეჯერმა მაია ხელაიამ განაცხადა.
„ჩვენთან მოთავსებული 34 ადამიანი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს. უკვე მესამე დღეა, აქ არიან და მათ არანაირი საეჭვო სიმპტომი არ აღენიშნებათ“, – განაცხადა ხელაიამ.
ცნობისთვის: საქართველო ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 619-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 79 000–მდე ადამიანი. ვირუსმა ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 150 ადამიანი იმსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 592-ს მიაღწია. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. "COVID-19" მსოფლიოს 27–ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.


