
გიორგი გახარიამ ბათუმის „შერატონში“ მომხდარი ინციდენტი გაიხსენა: „გონება დავკარგე“
24/01/2025 12:35:33 პოლიტიკა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიამ ბათუმის „შერატონში“ მომხდარი ფაქტი გაიხსენა და მასზე თავდსხმის დამკვეთად კვლავ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დაასახელა.
მისი თქმით, "თავდასხმის მიზანი მისი დაშინება იყო".
„იმ დღეს მე გახლდით ბათუმში ჩვენი პარტიის წევრების სასამართლო პროცესზე. როდესაც დავბრუნდი სასტუმრო „შერატონში“, შესასვლელშივე დამხვდა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ და, ფაქტობრივად, ახორციელებდნენ თავდასხმას. ეს იყო ჯგუფურად ორგანიზებული, რასაც მოყვა ჩვენი შესაბამისი რეაგირება. იქვე ჩანდა, რომ ერთი ადამიანი ამ ყველაფერს იღებდა ტელეფონით, სასტუმროს „ლობი“ [ფოიე] დაცლილი იყო ადამიანებისგან, მათ შორის თანამშრომლებისგან. ეს ადამიანები უხერხულად მოძრაობდნენ, რომ შემემჩნია, რომ იყვნენ შეიარაღებული", - განაცხადა გიორგი გახარიამ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე.
მან დაადასტურა, რომ „ქართული ოცნების“ წევრს დიმიტრი სამხარაძეს ყავა შეასხა:
"მას შემდეგ, რაც მე მოვახდინე რეაქცია და მე ამას არ უარვყოფ, ქაღალდის ჭიქით, დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი. ამის შემდეგ ისინი თავს ჯგუფურად დამესხნენ, რის შემდეგაც როგორც ექიმებმა მითხრეს, გონება დავკარგე და სანამ სასტუმროს თანამშრომლებმა დახმარება არ გამიწიეს, მე გონზე ვერ მოვედი. მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ამ ყველაფრის მოყოლა მიწევს იმიტომ, რომ დღეს როგორც გამოძიება მიდის და როგორც ზოგიერთი პროპაგანდისტული ტელევიზია იქცევა, ფაქტია, რომ ისინი არ აპირებენ ამ საქმის სამართლიანად გამოძიებას.
ეს ყველაფერი იყო წინასწარ ორგანიზებული. რა თქმა უნდა, ამაზე მიგვითითებს ის, რომ ისინი იღებდნენ ამ ყველაფერს. რასაც იღებდნენ ტელეფონით, ეს აღმოჩნდა ერთი კონკრეტული ტელევიზიის განკარგულებაში. ფაქტია, რომ გაქრა საერთოდ კამერები, კამერის ანაბეჭდები, რა იყო ამ კამერებზე ასახული და უზარმაზარი ზეწოლა ხორციელდებოდა „შერატონსა“ და მის მენეჯმენტზე იმისთვის, რომ ეს კამერები გამქრალიყო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ გვაქვს შექმნილი სპეციალური ჯგუფი, რომელიც დეტალურად დაადგენს ყველაფერს, ვინ მონაწილეობდა ამაში, როგორ იყო ორგანიზებული, ვის მიერ იყო დაგეგმილი, ვის მიერ იყო შეკვეთილი“.
მისი თქმით, „ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა როგორც რეპუტაცია, ისე ქართველი ხალხის ის მცირე ნდობა, რომელიც დარჩენილი ჰქონდა".
"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მან დაკარგოს ყველაზე ძვირფასი - ფული და ძალაუფლება“, - დასძინა მან.
14 იანვარს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბათუმის სასტუმრო „შერატონში” ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერს, ყოფილ პრემიერსა და შს მინისტრს, გიორგი გახარიას.
სამედიცინო შემოწმების შემდეგ გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა დაუდგინდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. მოგვიანებით გამოძიება პროკურატურას გადაეცა.
პირველი ცნობა, რომ ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ გიორგი გახარიას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები დაესხნენ თავს, 15 იანვარს, შუაღამის შემდეგ, ფეისბუკით გაავრცელა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა.
14 იანვარს ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ დიმიტრი სამხარაძე და სხვა პირები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ჟურნალისტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერ ზვიად ქორიძესაც.
გიორგი გახარია გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა.