
თბილისსა და ბათუმში პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა მხარდამჭერი მსვლელობები იმართება
24/01/2025 16:43:41 საზოგადოება
თბილისში პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა მხარდამჭერი მსვლელობები იმართება.
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის სოლიდარობის მარში აღმაშენებლის გამზირზე "ახალი თეატრის" ტერიტორიიდან დაიძრა.
გარდა ამისა, მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბნენ გიორგი ახობაძისა და საბა სხვიტარიძის მეგობრები, ნათესავები და მხარდამჭერები.
კიდევ ერთი დაკავებულის ირაკლი მიმინოშვილის მეგობრები და ნათესავები ავლაბრის მოედნიდან დაიძრნენ, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეიკრიბნენ მათე დევიძისა და ანრი კვარაცხელიას მხარდამჭერები.
ასევე იმართება ონლაინ გამოცემების "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში.
საბოლოოდ, ყველა ეს მარში ერთ საპროტესტო აქციად გაერთიანდება რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, სადაც უკვე 58-ე დღეა პროტესტი არ წყდება.
გარდა დედაქალაქისა, მარში სახელწოდებით „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“ ბათუმში იმართება.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მშვიდობიანი პროტესტით ითხოვენ დაკავებულთა გათავისუფლებას.