
ქართველი კრემლისტების პარტია ლუკაშენკოს არჩევნებს აკვირდება
25/01/2025 11:44:39 პოლიტიკა
წარმოშობით ქართველების პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" წევრები მინსკში იმყოფებიან "საერთაშორისო დამკვირვებლებად" არჩევნებზე, რომელთა შედეგად ავტორიტარი ალექსანდრე ლუკაშენკო უკვე მეშვიდედ გაპრეზიდენტდება.
ბელარუსში არიან ჩასულები, კერძოდ, პარტიის ლიდერები მიხეილ ჟღენტი, თემურ და მამუკა ფიფიები, ასევე პოლიტსაბჭოს წევრი ნატა არღვლიანი.
24 იანვარს მათ მონაწილეობა მიიღეს ბელარუსის ცსკ-ის პრეს-ცენტრის გახსნაში, შეხვდნენ ცსკ-ის თავმჯდომარეს, ინტერვიუები მისცეს რუსულ და ბელარუსულ მედიას.
რიგ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა უკვე დაიწყო, ძირითადი საარჩევნო დღე კი 26 იანვარი იქნება.
არჩევნები ქვეყანაში ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის არარსებობის პირობებში ტარდება. ქვეყანაში 1000-ზე მეტი პოლიტპატიმარია. საერთაშორისო დამკვირვებლები ბელარუსის არჩევნებს 2001 წლიდან აღარ აღიარებენ. ლუკაშენკო კი პრეზიდენტის თანამდებობას 1994 წლიდან იკავებს. მისი კონკურენტობა ან თუნდაც კრიტიკა ბელარუსში ფაქტოვრიბად შეუძლებელია.
წინა არჩევნები, რომელიც 2020 წლის 9 აგვისტოს გაიმართა, მასობრივი პროტესტით დასრულდა, რომელსაც უმკაცრესი რეპრესიები მოჰყვა.
ცნობისთვის: ქართველების პროკრემლისტური პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" 2023 წლის ბოლოს დაფუძნდა. 2023 წელს მისი ლიდერი მამუკა ფიფია საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა, როგორც გაირკვა - "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის მოწვევით.