
ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა
26/01/2025 14:30:36 პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა, სადაც იგი შეხვედრებს გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრთან, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანთან. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახური ავრცელებს.
მისივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს დეველოპერულ კომპანია EMAAR-თან, რომლის ფარგლებში საქართველოში მრავალმილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება. ასევე ჩატარდება შეხვედრები აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან და მის ლოგისტიკურ მიმართულებასთან, აბუ-დაბი პორტის ჯგუფთან.
დელეგაციის შემადგენლობაში ასე არიან „ქართული ოცნების“ მთავრობის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ მთავრობის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.