
ბალტიის ზღვაში მდებარე წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რომელიც ლატვიასა და შვედეთს აკავშირებს, დაზიანდა
27/01/2025 06:04:11 მსოფლიო
ბალტიის ზღვაში მდებარე წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რომელიც ლატვიასა და შვედეთს აკავშირებს, დაზიანდა. ამის შესახებ ლატვიის ხელისუფლება იტყობინება. კაბელი სახელმწიფო სააქციო საზოგადოება „ლატვიის სახელმწიფო რადიო-ტელევიზიის ცენტრს“ ეკუთვნის.
ლატვიის ხელისუფლების ცნობით, მონაცემთა გადაცემის მონიტორინგის სისტემამ შეფერხება დააფიქსირა ლატვიის პორტ ვენტსპილსისა და შვედეთის კუნძულ გოტლანდის დამაკავშირებელ მონაკვეთზე. მისივე ინფორმაციით, არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კაბელი დაზიანდა „გარე ზემოქმედების“ შედეგად.
კაბელი 50 მეტრზე მეტ სიღრმეზეა გაყვანილი და დაზიანების სახეობა და მოცულობა ჯერ არ არის დადგენილი. ლატვიის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლატვიაში მომხმარებლები არ რჩებიან კომუნიკაციის გარეშე, რადგან მონაცემთა გადაცემის სხვა გზები გამოიყენება.
როგორც Delfi იუწყება, ლატვიის შეიარაღებულმა ძალებმა დაადგინეს გემი, რომელიც შესაძლოა, მონაწილეობდა ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელის დაზიანებაში. სამხედრო-საზღვაო ძალებმა საპატრულო ხომალდი გაგზავნეს Michalis San-ის შესამოწმებლად, რომელიც რუსეთისკენ მიემართებოდა. ის მალტის დროშით ცურავს. ლატვიის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა მარის პოლენცსმა თქვა, რომ გემზე საეჭვო არაფერი აღმოუჩენიათ, მათ შორის არც ღუზის დაზიანება.
ასევე ეჭვმიტანილია კიდევ ორი ახლომდებარე გემი. ლატვიის ხელისუფლებამ მომხდარის შესახებ აცნობა NATO-ს მოკავშირეებს.
მომხდართან დაკავშირებით ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ პასუხისმგებელი სამინისტროებისა და სამსახურების სხდომა მოიწვია. მისი თქმით, როგორც ჩანს, კაბელი დაზიანდა შვედეთის ეკონომიკურ ზონაში.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ლატვიასთან აქტიურად თანამშრომლობს მომხდარის გამოსაძიებლად. მისივე თქმით, მოქმედებები კოორდინირებულია NATO-ს დონეზე. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა იანვრის დასაწყისში გამოაცხადა ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელების დასაცავად მისიის დაწყების შესახებ.
ცნობისთვის: აღნიშნული ინციდენტის გარდა, ბოლო თვეების განმავლობაში ბალტიის ზღვაში კიდევ ერთი სატელეკომუნიკაციო და ენერგეტიკული კაბელი დაზიანდა. ამჟამად ფინეთშია დაკავებული კუკის კუნძულების დროშით მცურავი ტანკერი Eagle S. გავრცელებული ინფორმაციით, ის ნაწილია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტისა“, რომელსაც მოსკოვი იყენებს ნავთობის ექსპორტზე სანქციების გვერდის ავლის მიზნით. ითვლება, რომ სწორედ ამ გემის ღუზამ გაჭრა ესტონეთისა და ფინეთის დამაკავშირებელი კაბელი Estlink 2.