
აქციებზე დაკავებულმა ჯავახიშვილმა და კიკნაძემ შიმშილობა შეწყვიტეს: „ჯავახიშვილმა 16 კილო დაკარგა, ორჯერ გული წაუვიდა"
27/01/2025 11:28:43 საზოგადოება
აქციებზე დაკავებულმა ახალგაზრდებმა – ნიკოლოზ ჯავახიშვილმა და რეზო კიკნაძემ, რომლებიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობდნენ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტეს, – იუწყება რადიო თავისუფლება ახალგაზრდების ადვოკატზე ელგუჯა ავსაჯანიშვილზე დაყრდნობით.
ავსაჯანიშვილის თქმით, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, რომელიც 22 იანვრის შემდეგ შიმშილობდა, 16 კილოგრამი დაკარგა.
„16 კილო დაკარგა, ორჯერ გული წაუვიდა. ყურადღება არავინ მიაქცია, ხელზე დალურჯებები აქვს“, - ამბობს ადვოკატი.
ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა 21 იანვარს გამოაცხადა რევაზ კიკნაძემაც.
20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. მას პიროტექნიკის სროლას ედავებიან;
რეზო კიკნაძეც უკვე თვე-ნახევარია, დაკავებულია. იგი 2024 წლის 6 დეკემბერს დააკავეს და „ჯგუფურ ძალადობას ედავებიან“. ადვოკატის თქმით, კიკნაძემ ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობის გამოცხადებამდე, წინა პერიოდშიც იშიმშილა 12 დღის განმავლობაში.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს. კოლეგების ცნობით, იგი მე-16 დღეა, შიმშილობს.