
მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას 300-ზე მეტი ჟურნალისტი მოითხოვს
27/01/2025 12:21:30 საზოგადოება
ონლაინგამოცემების „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას 300-ზე მეტი ჟურნალისტი, რედაქტორი და მედიამენეჯერი ერთობლივი განცხადებით მოითხოვს.
"ონლაინ გამოცემების - “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და მენეჯერი მზია ამაღლობელი, პირველი ქალი სინდისის პატიმარი ჟურნალისტია საქართველოში.
მზია ამაღლობელი რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის მიუღებელი მიუკერძოებელი ჟურნალისტური საქმიანობისა და მისი სამაგალითო სამოქალაქო აქტივიზმის გამო ისჯება. მას არ ჩაუდენია ივანიშვილის რეჟიმის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის დანაშაული.
12 იანვრის შემდეგ, როდესაც ოლიგარქმა ტყვეობაში აიყვანა ჩვენი კოლეგა - მზია ამაღლობელი, თითოეულ ჩვენგანს ემუქრება პროფესიული საქმიანობის გამო დაპატიმრების საფრთხე.
“ქართული ოცნების” მმართველობის ბოლო წლებში საქართველოში მკვეთრად გაუარესდა მედიაგარემო. გარდა იმისა, რომ 2024 წლის ზაფხულში მიღებული “რუსული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოში მოქმედ დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, უკიდურესად გახშირდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჟურნალისტებზე სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები. ამასთან, დაიწყო მედიის წარმომადგენლების მიმართ რუსული სტილის რეპრესიების განხორციელება.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული აქციების გაშუქების დროს, ივანიშვილის რეჟიმის სპეცრაზმელებისა და პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობის 90-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. “ქართული ოცნების” საგამოძიებო უწყებებს არც ერთი ეს შემთხვევა არ გამოუძიებიათ და არ დაუსჯიათ ჟურნალისტებზე მოძალადეები.
2024-25 წლებში ოლიგარქის რეჟიმმა არაერთი ჟურნალისტი დააპატიმრა “ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით” და ფულადი ჯარიმების ან რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა ისინი.
ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის “ბრალდებით” დააპატიმრეს, აჩვენებს, რომ ოლიგარქის რეჟიმი მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების დევნის ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც შეთითხნილი ბრალდებებით ჟურნალისტების ციხეში დატყვევებას გულისხმობს, როგორც ეს უკვე მოხდა ბოლო წლებში რუსეთში, ბელარუსსა და მეზობელ აზერბაიჯანში.
მოვითხოვთ სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! მოვუწოდებთ ჟურნალისტთა უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეგობარი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ხმა აიმაღლონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ საქართველოში ჟურნალისტების მასობრივად დევნის ფაქტებზე და დაიცვან მედიის წარმომადგენლები საქართველოში!",– ნათქვამია განცხადებაში.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და დაუყოვნებლივი მოქმედებაა საჭირო. საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, „დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“. მზია ამაღლობელი მე-16 დღეა, შიმშილობს. როგორც მისი მეგობრები და კოლეგები ამბობენ, მას აქვს რამდენიმე სახის ქრონიკული დაავადება და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
ცნობისთვის: მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კვლავ დააკავეს, ამჯერად - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 15 იანვარს განაჩენი სააპელაციო ინსტანციაში გასაჩივრდა. 16 იანვარს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა.
"საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციაცია" მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს, რომელზეც "თავდასხმასაც" ედავება "ოცნება" მზია ამაღლობელს. საუბარია, კერძოდ, დგებუაძისთვის სილის გაწნვაზე, რისი ამსახველი კადრებიც აქტიურად ვრცელდებოდა სახელისუფლებო მედიის მიერ. თუმცა როგორც თავად ამაღლობელი, ისე ფაქტის თვითმხილველები დგებუაძისა და მისი თანმხლები პირების მხრიდან გამიზნულ პროვოცირებაზე მიუთითებენ და სახელისუფლებო მედიას ფაბრიკაციაში, კერძოდ, კადრების მონტაჟში ადანაშაულებენ.
გარდა ამისა, ამაღლობელი დაკავების შემდეგ მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ, რომელმაც მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, მოგვიანებით განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია პოლიციის განყოფილების ეზოსა და შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.
"დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას,ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება", - განმარტა ქურდოვანიძემ.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე საია-მ მოუწოდა სპეციალურ საგამოძებო სამსახურს, დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი და მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს.