Accentnews.ge
პენიტენციური – მზია ამაღლობელზე: სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა

პენიტენციური – მზია ამაღლობელზე: სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა

27/01/2025 13:28:46 საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ „ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელ მზია ამაღლობელს სამედიცინო პერსონალი მუდმივ მეთვალყურეობას უწევს, ის არის ასევე ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ და მიეწოდება „ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება“.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მზია ამაღლობელის მიერ შიმშილობის დაწყებიდან მე-16 დღეს ავრცელებს პირველ განცხადებას მის შესახებ.

განცხადებაში არაფერი წერია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და არც მისი მკურნალობის შესახებ ინფორმაციაა დაზუსტებული.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული პოლიტიკური ჯგუფებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულ მ.ა.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეშია და მის ჯანმრთელობაზე არ ზრუნავს პენიტენციური სამსახური. გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ბრალდებული მ. ა. უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით და უწყვეტად მიეწოდება კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება. ბრალდებული მ.ა. იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთანავე, ბრალდებული, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, მყისიერი რეაგირებისთვის მოთავსებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში. ბრალდებულის საცხოვრებელი პირობები სრულად შეესაბამება პენიტენციური კოდექსით განსაზღვრულ სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა ჩვენი სამსახურისთვის პრიორიტეტულია.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და დაუყოვნებლივი მოქმედებაა საჭირო. საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, „დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“. მზია ამაღლობელი მე-16 დღეა, შიმშილობს. როგორც მისი მეგობრები და კოლეგები ამბობენ, მას აქვს რამდენიმე სახის ქრონიკული დაავადება და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ცნობისთვის: მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კვლავ დააკავეს, ამჯერად - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 15 იანვარს განაჩენი სააპელაციო ინსტანციაში გასაჩივრდა. 16 იანვარს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა.

"საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციაცია" მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს, რომელზეც "თავდასხმასაც" ედავება "ოცნება" მზია ამაღლობელს. საუბარია, კერძოდ, დგებუაძისთვის სილის გაწნვაზე, რისი ამსახველი კადრებიც აქტიურად ვრცელდებოდა სახელისუფლებო მედიის მიერ. თუმცა როგორც თავად ამაღლობელი, ისე ფაქტის თვითმხილველები დგებუაძისა და მისი თანმხლები პირების მხრიდან გამიზნულ პროვოცირებაზე მიუთითებენ და სახელისუფლებო მედიას ფაბრიკაციაში, კერძოდ, კადრების მონტაჟში ადანაშაულებენ.

გარდა ამისა, ამაღლობელი დაკავების შემდეგ მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ, რომელმაც მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, მოგვიანებით განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია პოლიციის განყოფილების ეზოსა და შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.

"დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას,ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება", - განმარტა ქურდოვანიძემ.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე საია-მ მოუწოდა სპეციალურ საგამოძებო სამსახურს, დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი და მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S