
„საქართველოსთვის“: გახარიას დაზარალებულად ცნობა ფიქციური აღმოჩნდა
27/01/2025 16:11:48 პოლიტიკა
„გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, გიორგი გახარიას წარმომადგენელს პროკურატურამ ბათუმში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებული ვიდეო მტკიცებულებების გაცნობის შესაძლებლობა არ მისცა. პარტიის ცნობით, მიზეზად ჩანაწერების ექსპერტიზაზე გაგზავნა დაასახელეს, თუმცა უწყებას ასლები აქვს.
პარტიის განცხადებითვე, წარმომადგენელს არ გადასცეს მოწმის, ჟურნალისტ ზვიად ქორიძის გამოკითხვის ოქმი.
„გიორგი გახარიას დაზარალებულად ცნობა მოვითხოვეთ ერთადერთი მიზნით: გვენახა საქმის მასალები და გავცნობოდით უმთავრეს მტკიცებულებას – ვიდეო ჩანაწერებს. დღეს გიორგი გახარიას წარმომადგენელი ბათუმში ჩავიდა საქმის გასაცნობად. აღმოჩნდა, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქციურია. ვიდეო მტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა პროკურატურამ არ მოგვცა ჩანაწერების ექსპერტიზაზე გაგზავნის ყალბი საბაბით მაშინ, როცა ასლები აქვთ. არ გადმოგვეცა უმნიშვნელოვანესი მოწმის – ზვიად ქორიძის გამოკითხვის ოქმი.
ამასთან, გაირკვა, რომ თავდასხმიდან თითქმის 2 კვირის თავზე ფორმალურად გამოკითხულია მხოლოდ ერთი არაფრისმომცემი მოწმე. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თავდასხმა ივანიშვილის დაკვეთითაა ორგანიზებული და პროკურატურა ასრულებს ივანიშვილის დავალებას მტკიცებულებების განადგურებაზე და სიმართლის გაყალბებაზე. უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების გადმოცემაზე უარი კიდევ ერთხელ მიუთითებს რეჟიმის მოტივაციაზე გამორიცხოს ივანიშვილის როლი და მიჩქმალოს შეკვეთილი და ჩასაფრებით მოწყობილი თავდასხმის წინასწარ ორგანიზებული და ჯგუფური ხასიათი“, – წერია პარტიის განცხადებაში.
14 იანვარს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბათუმის სასტუმრო „შერატონში” ფიზიკურად გაუსწორდნენ გიორგი გახარიას.
სამედიცინო შემოწმების შემდეგ გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა დაუდგინდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. მოგვიანებით გამოძიება პროკურატურას გადაეცა.
პირველი ცნობა, რომ ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ გიორგი გახარიას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები დაესხნენ თავს, 15 იანვარს, შუაღამის შემდეგ, ფეისბუკით გაავრცელა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა.
14 იანვარს ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ დიმიტრი სამხარაძე და სხვა პირები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ჟურნალისტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერ ზვიად ქორიძესაც.