
ელჩი: შოკირებული ვართ დაუსჯელობით, ქუჩებში ორი თვეა, ძალადობა მიმდინარეობს და სამართლებრივი დევნა არავის წინააღმდეგ განხორციელებულა
28/01/2025 07:37:55 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ორთვლიანი ძალადობის ფონზე, შოკირებულია დაუსჯელობის ფაქტით. მას მხედველობაში აქვს როგორც უშუალოდ აქციების დროს საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობა დემონსტრანტებზე, ასევე თავდასხმები აქტოირ მოქალაქეებზე, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე. ამ დრომდე არც ერთი მოძალადე პასუხისმგებაში არ არის მიცემული. იმავდროულად 500-ზე მეტი დემონსტრანტია დაკავებული, მათგან 50-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით და მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ წაყენებული მუხლისთვის, მათ შორისაა მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი.
„აღფრთოვანებული ვართ ქართველი ხალხის გამძლეობით და მათი მიჯაჭვულობით საქართველოს ევროპულ მომავალთან და დემოკრატიულ ღირებულებებთან. ვხედავთ, რომ ისინი ყოველ ღამით დგანან აქ, რუსთაველის გამზირზე და საქართველოს სხვა ბევრ ადგილას ითხოვენ რა უკეთეს მომავალს თავიანთვის და თავიანთი შვილებისთვის. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, ჩვენთვის გასაგებია სწრაფვა უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი ცხოვრებისთვის, დემოკრატიული ქვეყნისა და ევროპული საქართველოსთვის. ამასთან, ვგმობთ მიმდინარე დაშინებას, ძალადობას, შოკირებული ვართ იმით, რომ ადამიანებს სცემენ, ემუქრებიან, აშინებენ, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, მაგრამ ასევე რიგით ადამიანებს, რომლებსაც ნიღბიანები მისდევენ და სცემენ. შოკირებული ვართ დაუსჯელობით და იმ ფაქტით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქუჩებში ორი თვეა ძალადობა მიმდინარეობს, ამის გამო სამართლებრივი დევნა არავის წინააღმდეგ განხორციელებულა“, - თქვა ელჩმა.
მან დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მიზანი იმ პირების დასჯა იყო, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე, მიმდინარე ძალადობაზე.
„საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, არ შეიძლებოდა, ევროკავშირის მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩენილიყო, სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება: ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდვები დაუწესოს საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, ასე რომ ვინც წარმოადგენს ხელისუფლებას, მოუწევს, ვიზაზე განაცხადის შეტანა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გამოყენებით იმოგზაურებენ. როგორც ვთქვით, ჩვენი მიზანი არ არის ქართველი ხალხის დასჯა, რომელიც დგას ქუჩაში და ითხოვს დემოკრატიულ ევროპულ საქართველოს. ჩვენი მიზანი იყო დაგვესაჯა ისინი, ვინც პასუხისმგებელი არიან რეპრესიებზე, დაშინების ფაქტებზე, მიმდინარე ძალადობაზე“.