
პოლონელი დიპლომატი: ევროკავშირის კარი ღიაა, ნაბიჯები ქართულმა მხარემ უნდა გადადგას, რთულია უკეთესი პირობების წარმოდგენა, როგორიც ახლა, პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდშია
28/01/2025 07:49:39 პოლიტიკა
საქართველოში პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელი არტურ გებალი ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის კუთხით პოლონეთს გარკვეული ინსტრუმენტები აქვს და საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებში ხელახლა ჩართვისთვის შესანიშნავი შანსი ეძლევა ევროკავშირის საბჭოში პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში.
თუმცა აქვე დიპლომატი ხაზს უსვამს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქართულმა მხარემ უნდა გადადგას და აუცილებელი პირობები შეასრულოს.
„ევროკავშირის საბჭოში პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან ურთიერთობებში ხელახლა ჩართვისთვის შესანიშნავი შანსი აქვს. თავმჯდომარეობას გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით გარკვეული ინსტრუმენტები აქვს, მაგალითად, ჩვენ გაფართოების მთავარ სამუშაო ჯგუფს ვხელმძღვანელობთ და გაფართოების კუთხით მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში დიდი ამბიციები გვაქვს. საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა და როგორც იცით, ეს გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ამას უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ასახავს. ასე რომ გზა თავისუფალია, კარი ღიაა და პოლონეთის თავმჯდომარეობა გაფართოების პროცესს მხარს უჭერს. ევროკავშირში ჩვენც არც ისე დიდი ხნის წინ, დაახლოებით 20 წლის წინ გავწევრიანდით. ამიტომ, ამბიციურები ვართ და გაფართოების პროცესს და ასევე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს ვუჭერთ. მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქართულმა მხარემ და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას, რათა აუცილებელი პირობები შეასრულოს. საქართველოსთვის ეს ისტორიული და უპრეცედენტო მომენტია და რთულია უკეთესი პირობების წარმოდგენა, როგორიც ახლა, პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდშია“, - უთხრა ჟურნალისტებს დიპლომატმა.
მან ასევე თქვა, რომ არსებულ ვითარებაში პოლონეთი მხარს უჭერს ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას:
„დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერთ. ვფიქრობთ, რომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა და ამჟამინდელ ვითარებას კარგად ასახავს. ასევე, ვფიქრობთ, რომ ეს სიმბოლური ჟესტია ევროკავშირის მხრიდან და პირველი ნაბიჯია, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ. როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, ჩვენ შუამავლის როლი გვაქვს და ამიტომ, ევროკავშირის მოქმედებებს მხარს ვუჭერთ. ამ ეტაპზე დამატებითი ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ევროკავშირში დისკუსიები გრძელდება. ჩვენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნებთან ერთად, საფრანგეთთან და გერმანიასთან ერთად, გასული წლის ბოლო დღეს განცხადება გავავრცელეთ, რომელშიც მწუხარება გამოვხატეთ საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით და რეპრესიები დავგმეთ. ჩვენ ამის გაკეთებას ვაგრძელებთ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და დემოკრატიისთვის, ევროპული ღირებულებებისთვის და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ბრძოლაში მათ მხარს ვუჭერთ“.