
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის 3 სტუდენტს და დეკანს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, კიდევ ერთი სტუდენტი პატიმრობაში დატოვეს
28/01/2025 10:58:18 საზოგადოება
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის 3 სტუდენტს და დეკანს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, ერთი სტუდენტი კი პატიმრობაში დატოვეს – გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან ყოლბაიამ გამოაცხადა. თავად მსგავსი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობა პროკურორმა დააყენა. გირაოს თანხა 5 000 ლარია. ბრალდებულები დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
პატიმრობაში რჩება სტუდენტი ანრი კაკაბაძე. ის ამავე კატეგორიის დანაშაულისთვის გირაოთი აქამდე იყო გათავისუფლებული. სწორედ ამ არგუმენტით დატოვა მოსამართლემ კაკაბაძე პატიმრობაში.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი 9 დეკემბერს დააკავეს. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. მამუკა ჯორბენაძე ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა.
დაკავებამდე მას ლექტორის თეა ცაგურიას ქმარი დაემუქრა და ფიზიკურად დაუპირისპირდა. თავად ცაგურია უპირისპირდებოდა პროევროპული აქციების მონაწილე სტუდენტებს. ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა 3 დეკემბერსაც, რასაც პროცესების შემდგომი განვითარება მოჰყვა.