
გურიაში ტრიქინელოზის შემთხვევა დადასტურდა
28/01/2025 14:54:53 საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ტრიქინელოზით დაავადების ფაქტზე მოკვლევა დაიწყეს.
სააგენტო აცხადებს, რომ 27 იანვარს დაავადებათა კონტროლის ცენტისგან მიიღეს ინფორმაცია, ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ:
"შეტყობინების თანახმად, 63 წლის პაციენტს დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე საკვებად მიღებული აქვს სოფელ ოზურგეთში ნაყიდი ღორის ხორცი და კუპატი (ხორცი მიიღო ოჯახის სხვა წევრმაც, თუმცა, ამ დროისთვის მას დაავადების ნიშნები არ აღენიშნება). დაავადებული პირი ხორცის და სურსათის გამყიდველის ვინაობას ვერ ასახელებს.
შეტყობინების მიღებისთანავე, რეაგირებისთვის ინფორმაცია მყისიერად გაეგზავნა გურიის რეგიონულ სამმართველოს და ვეტერინარიის დეპარტამენტს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მოკვლევა უკვე დაიწყეს". - ნათქვამია განცხადებაში.
ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს შესაძლოა დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტი ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების უმი ან თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცის საკვებად მიღებისას.
ტრიქინელოზის კლინიკური ნიშნებია: თავის ტკივილი, ცხელება, შემცივნება, ხველა, სახის და თვალების შეშუპება, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, კანის ქავილი. პირველ სიმპტომებს შეიძლება ახლდეს დიარეა ან ყაბზობა. დაავადების მძიმედ მიმდინარეობას ახასიათებს კოორდინაციის დარღვევა, გულის და სუნთქვის პრობლემები.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ შეიძინონ ხორცი არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც გაურკვეველია ხორცის წარმომავლობა, ღორი არ არის დაკლული სასაკლაოზე და, შესაბამისად, უცნობია, არის თუ არა შემოწმებული ტრიქინელოზზე.