Accentnews.ge
რა წერია PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშში "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე

რა წერია PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშში "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე

28/01/2025 18:01:56 პოლიტიკა

"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში" (PACE) "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხის გასაჩივრებიდან 24 საათში მონიტორინგის კომიტეტმა ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, მონიტორინგის კომიტეტი ასამბლეას დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის ძალაში დატოვებას გარკვეული პირობებით სთავაზობს.

  • "მონიტორინგის კომიტეტი მიიჩნევს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები, მათ შორის შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დარბევა, ეწინააღმდეგება საქართველოს წევრობის ვალდებულებებსა და ევროპის საბჭოში გაწევრიანების პირობებს. შესაბამისად, კომიტეტს სურს, ხელისუფლებისგან მიიღოს მკაფიო გარანტიები, რომ ისინი ნამდვილად მზად არიან, შეაჩერონ დემოკრატიული უკუსვლა და შეასრულონ წევრობის ვალდებულებები", – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, კომიტეტი მიიჩნევს, რომ დიალოგის შენარჩუნებისადმი მზაობის ნიშნად, ასამბლეამ 2025 წლის აპრილის სესიაზე საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა ძალაში დატოვოს, იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ შეასრულებს რიგ პირობებს, მათ შორის:

  • "წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს;
  • დაუყოვნებლივ აღმოფხვრის ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილ ნაკლოვანებებსა და ხარვეზებს და შექმნის საარჩევნო გარემოს, რომელიც ხელს შეუწყობს მომდევნო თვეებში გამოცხადებულ ნამდვილად დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩატარებას;
  • დაუყოვნებლივ დაუსვამს წერტილს პოლიციის მხრიდან სისატიკეს და ადამიანის უფლებების დარღვევებს;
  • ეფექტურად გამოიძიებს ამ პრაქტიკას და დაასრულებს სამართლებრივი დევნის ბოროტად გამოყენებას, როგორც დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების დაშინებისა და მათზე შურისძიების საშუალებას;
  • სრულად დაიცავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და 2025 წლის აპრილის სესიამდე გაათავისუფლებს ყველა პოლიტპატიმარს.
  • ამავდროულად, კომიტეტი მიიჩნევს, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობისა და სხვა ადამიანის უფლებების დარღვევების მკაფიო დაგმობის ნიშნად, რომელიც აქამდე არ აღმოუფხვრია ხელისუფლებას, ასამბლეამ შეაჩეროს საქართველოს დელეგაციის რამდენიმე უფლება“, – ნათქვამია კომიტეტის ანგარიშში.

შესაბამისი რეზოლუციის პროექტს 29 იანვარს უყრიან კენჭს.

ასამბლეა 2025 წლის აპრილში შეაფასებს ზემოთხსენებულ პირობებზე საქართველოს პროგრესს და გადაწყვეტილებას საქართველოს დელეგაციის მანდატების მოქმედების შეჩერება/არშეჩერების თაობაზე ამ შეფასების საფუძველზე მიიღებს.

ცნობისთვის: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE-ში) "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი 27 იანვარს გასაჩივრდა.

ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობის საკითხი შვედმა დეპუტატმა ბორიანა ობერგმა დააყენა EPP-ის ჯგუფის სახელით. მას ასამბლეის 30-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

ასამბლეაში "ქართული ოცნების" საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილების არცნობის თხოვნით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და საპარლამენტო ფრაქციებს საქართველოს სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ მიმართა.

ისინი, "კოალიცია ცვლილებისთვის", "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" და "ძლიერი საქართველო", ითხოვდნენ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ დადასტურდეს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, "რადგან 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა სერიოზული დარღვევებით, რაც ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სტანდარტებსა და ქართველი ხალხის ნებას".

ისინი მოითხოვდნენ "ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას."

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S