
რუსეთის რეგიონებზე დრონებით მასირებული შეტევა იყო
29/01/2025 06:25:11 მსოფლიო
29 იანვარს რუსეთის რამდენიმე რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა იყო.
ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში დრონებით დარტყმის სამიზნე ქალაქ კსტოვოს სამრეწველო ზონა აღმოჩნდა, სადაც არაერთი ქარხანა მდებარეობს.
ადგილობრივი დროით ღამის სამ საათზე ოლქის გუბერნატორ გლებ ნიკიტინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დრონის ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია კსტოვოს სამრეწველო ზონის ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე. ნიკიტინს საწარმო და ხანძრის მასშტაბი არ დაუკონკრეტებია. სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლების მიერ გავრცელებული ვიდეომასალების მიხედვით, სამრეწველო ზონის რაიონში ძლიერი ხანძარია.
ქალაქ კსტოვოს სამრეწველო ზონაში მდებარეობს კომპანია „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ქიმიური საწარმოები და თბოელექტროსადგური.
ტვერის ოლქის გუბერნატორ იგორ რუდენიას ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ტოროპეცის რაიონში მოიგერიეს, სულ მცირე, 20 დრონის შეტევა. ამ რაიონში განთავსებულია რუსეთის არმიის საბრძოლო მასალების ორი დიდი საწყობი.
სულ მცირე, 26 უკრაინული დრონის განადგურების შესახებ იუწყებოდა ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზი.
დრონების მოგერიებას იუწყებოდნენ რუსეთის სხვა, მათ შორის როსტოვის, სმოლენსკისა და ლენინგრადის ოლქების გუბერნატორებიც. დროებით დაიკეტა სანქტ-პეტერბურგის აეროპორტი „პულკოვო“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს" 104 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. მათგან 47 კურსკის ოლქში, 27 - ბრიანსკში, 11 - სმოლენსკის ოლქში, 7 - ტვერის ოლქში (გუბერნატორი 20-ს ასახელებდა), 4 - ბელგოროდში, 3 - ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში, 3 - კალუგაში, 1 - როსტოვის ოლქში და 1 - ლენინგრადის ოლქში.