29-01-2025 13:17:51 საზოგადოება
ძალადობრივი ინციდენტების განმეორებადი ხასიათი, ასევე წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე პასუხისმგებლობის არარსებობა მიუთითებს რეპრესიების სისტემურ და კოორდინირებულ პოლიტიკაზე,- ამის შესახებ 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშშია საუბარი.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ ანგარიშში აისახა მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხები, რომლებმაც გავლენა მოახდინა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებზე. კერძოდ, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 2024 წელს ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე, საპარლამენტო არჩევნებზე; სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების დევნაზე; საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ მოვლენებსა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებზე.
შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების ნაწილში, რაც კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, ადამიანის უფლებათა ცენტრი 2024 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე თბილისში გამართულ 15 აქციას დააკვირდა, რომელთაგანაც 8 შეეხებოდა პროტესტს „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ.
როგორც ორგანიზაცია მიუთითებს, მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა იმგვარი უფლებადარღვევები, როგორიცაა: აქციის მონაწილეთა უკანონო ადმინისტრაციული დაკავებები, მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა და რიგ შემთხვევებში - წამება, აქციის დაშლისას სპეციალური საშუალებების ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით გამოყენება, აქციის ფასილიტაციის პროცესში საპოლიციო ძალების არაპროპორციული რაოდენობის მობილიზება, აქციებზე არაიდენტიფიცირებული პოლიციელების გამოყვანა და აქციის მონაწილეთა პოლიტიკური ნიშნით დევნა.
"ჯერ კიდევ 2024 წლის დასაწყისში გამოვლინდა პოლიციელების მხრიდან აქციის მონაწილეებზე სავარაუდო თვალთვალის, მათთვის ფოტოებისა და ვიდეოების გადაღების შემთხვევები, რაც შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე არათავსებადია შეკრების თავისუფლებასთან.
30 აპრილის, 1 და 13 მაისის მშვიდობიანი აქციები სამართალდამცველებმა უკანონოდ, არაპროპორციული ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაარბიეს. შსს-ს წარმომადგენლები ჯერ იღებდნენ აქციის აქტიური მონაწილეების ფოტოებს, შემდეგ კი იწყებოდა აქციის მონაწილეთა დევნა, ადმინისტრაციული დაკავება და ფიზიკური ძალადობა.
16 აპრილს გამართულ აქციაზე პოლიციამ უკანონოდ დააკავა არაერთი მშვიდობიანი დემონსტრანტი. გარკვეულ შემთხვევებში, მოქალაქეები მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლნიც გახდნენ.
შეიძლება ითქვას, რომ არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო 2024 წლის აპრილ-მაისში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (იგივე - რუსული კანონის) წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციის დარბევა, რადგან, ერთი მხრივ, არ არსებობდა საქართველოს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირების მიზეზით დემონსტრანტების დარბევის საფუძველი, ხოლო, მეორე მხრივ, ასეთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, არ არსებობდა მთლიანი აქციის დარბევის სამართლებრივი წინაპირობა. სახელმწიფომ დაარღვია აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების წესები, როცა გაჟღერების პარალელურად სპეციალური ხმოვანი გაფრთხილების დანიშნულების რაზმმა დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება.
გაფრთხილება საერთოდ არ უძღოდა წინ ცრემლსადენი გაზის კაფსულების გამოყენებას. ხოლო, რეზინის ტყვიების გამოყენება უარყო სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენელმა მაშინ, როცა მედიამ მოიპოვა რეზინის ტყვიების გამოყენების მტკიცებულებები. საპოლიციო ძალები დამიზნებით ისროდნენ ცრემლსადენი გაზის კაფსულებს და მშვიდობიან დემონსტრანტებს, სახის არეში, დამიზნებით, ახლო მანძილიდან ასხამდნენ წიწაკის სპრეის. ეს ყოველივე სპეციალური საშუალებების გამოყენების წესებს და სტანდარტებს არღვევს.
მეტიც, სპეცრაზმელებმა სცემეს აქციაზე მყოფი არაერთი პირი, მათ შორის - ახალგაზრდები, ქალები, ჟურნალისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები (ალექსანდრე ელისაშვილი და ლევან ხაბეიშვილი)."
რაც შეეხება არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებსა და აქციებს, ანგარიშში ნათქვამია, რომ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებაში ჩარევა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, როცა საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია, ერთი მხრივ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა, რომელიც ფართოდ დარღვეული ხმის ფარულობით გამოირჩეოდა, ხოლო, მეორე მხრივ, „ქართული ოცნების“ მიერ საჯაროდ გაკეთებულმა განცხადებამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების შეჩერების შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვალდებულებას.
"თვითმხილველთა ჩვენებების მიხედვით, პროტესტებს ძალადობრივად არბევდნენ წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზისა და ქიმიური ნივთიერებით გაჯერებული წყლის ჭავლების გამოყენებით, რასაც თან ახლდა დეზორიენტაცია და თავის ტკივილი. დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ პოლიცია არ უზრუნველყოფდა არც ერთ უსაფრთხო გასასვლელს, პირიქით, რიგ შემთხვევებში, პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად ესხმოდნენ თავს დემონსტრანტებს, რომლებიც ცდილობდნენ გამოყოფილი დერეფნების გავლით ტერიტორიის დატოვებას. ასევე, ხშირად, პოლიცია ცალკეულ მშვიდობიან დემონსტრანტებს გამოყოფდა მასისგან და მათზე ფიზიკურად ძალადობდა.
საპოლიციო ძალების მხრიდან უპრეცედენტო მასშტაბის ძალადობა მიმართული იყო პროტესტის მონაწილეების, უფლებადამცველების, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, როგორც პროტესტის დროს, ისე მის გარეთ. პროტესტის ბევრი მონაწილე ძირითადად ნიღბიანმა და არაიდენტიფიცირებადმა პირებმა სასტიკად სცემეს დაკავების პროცესში და დაკავების შემდეგ. ღია წყაროებში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალები ასახავს 99 პირის, მათ შორის 45 ჟურნალისტის დაკავების, ძალადობის და ფიზიკური დაზიანებების ფაქტებს. აღსანიშნავია, რომ თავდასხმებს ხშირად თან ახლდა შეურაცხყოფა, მუქარები (მათ შორის სექსუალური ძალადობის შესახებ) და დამცინავი თუ დამამცირებელი კომენტარები. ხშირად ძალადობა საიდუმლოდ ხდებოდა სატრანსპორტო საშუალებებში, სადაც მოქალაქეებს ჯერ ბოჭავდნენ, შემდეგ კი ურტყამდნენ და ფეხით დგებოდნენ მათზე. სასამართლო-სამედიცინო მტკიცებულებები ადასტურებს მსხვერპლთა ტრავმების შემაშფოთებელ ხასიათს. დაზარალებულებში განსაკუთრებით ხშირია სახისა და თავის დაზიანებები, მათ შორის, ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა.
დაზარალებულები აღნიშნავენ, რომ მათ სახეში „მყარი გარსის ხელთათმანებით“ ურტყამდნენ. 22 წლის ბიჭს აქციაზე თვალში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა, მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა ჰქონდა, რის გამოც კლინიკაში მედიკამენტოზური ძილის ქვეშ რჩებოდა. აქციაზე დაზარალებულთა სასამართლო-სამედიცინო მტკიცებულებები მიუთითებს სისტემატურად წამებისა და არასათანადო მოპყრობის კოორდინირებულ პოლიტიკაზე".
ორგანიზაცია ანგარიშში მიუთითებს, რომ არჩევნების შემდეგ პერიოდში, ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე კიდევ უფროგაიზარდა მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეთა მიმართ ძალადობისა დათვითნებური დაკავებების მასშტაბი. საქართველოს სამოქალაქოსაზოგადოების იურიდიული დახმარების ქსელის ინფორმაციით, ამ პერიოდში 500-მდე დემონსტრანტი დააკავეს. დაკავებულებს ხშირად არ ეძლეოდათ თავიანთი ადგილსამყოფელს ახლობლებისთვის ცნობის ან ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა. შესაბამისად, მათი ადგილსამყოფლის შესახებ საათობით არ იცოდნენ ოჯახის წევრებმა. დაკავებულთა ნაწილის თქმით, მათ სთხოვდნენ ცრუ ინფორმაციაზე ხელის მოწერასა და გაყალბებული ბრალდებების დადასტურებას. ორგანიზაცია მიუთითებს სახალხო დამცველის განცხადებაზეც, რომ დაკავებულთა უმრავლესობა სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებისმხრიდან მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე მიუთითებდა. ისინი არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარნენ დაკავების შემდეგ პოლიციის ავტომობილშიც. ორგანიზაცია ეყრდნობა ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებსაც, რომ პროევროპულაქციებზე დაკავებული 400-მდე ადამიანიდან 100-ზე მეტს დასჭირდა ექიმების დახმარება. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ნოემბერ-დეკემბერში განსაკუთრებული სისასტიკის ძალადობა მიმართული იყო მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეების, მათ შორის, არასრულწოვნების, შშმ პირებისა და ქალების მიმართ. მასშტაბებიდან გამომდინარე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ამ დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას დაიწყეს. აღწერილი მოვლენებიდან ორგანიზაცია ასკვნის, რომ
„2024 წელს არაერთ აქციაზე მოხდა შეკრების თავისუფლების არალეგიტიმური შეზღუდვა, სპეციალური საშუალებების არასათანადო გამოყენება, აქციის დარბევისას მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობა, ძალადობა და უკანონო დაკავება. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არის საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია გამოძიების პროგრესის ან დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ გავრცელებულ კადრებში, ზოგჯერ, კარგად ჩანს სამართალდამცველთა მიერ სავარაუდო წამების ან დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები, გამოძიება მაინც მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით იწყება ყველა საქმეზე. მეტიც, საჯარო პირებმა, თავი შეიკავეს საპოლიციო ძალების მხრიდან გამოვლენილი ძალადობის დაგმობისგან. დაუსჯელობის განცდა კიდევ უფრო გამძაფრდა იმ ფაქტით, რომ სამართალდამცავებს არ ჰქონდათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, სახე კი ნიღბებით ჰქონდათ დაფარული. ამ მოვლენების თაობაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ შეესაბამება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებსა და სტამბოლის პროტოკოლს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ძალადობრივი ინციდენტების განმეორებადი ხასიათი, ასევე წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე პასუხისმგებლობის არარსებობა მიუთითებს რეპრესიების სისტემურ და კოორდინირებულ პოლიტიკაზე, რაც, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს მთავრობის პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა დაშინებას და მათზე შურისძიებას“.